პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ინფრასტრუქტურის
განახლების პროექტს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს
პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა
შეემატა.
ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის
დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს
სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა.
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი
მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც
კარგად გვესმის, რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი
ინფრასტრუქტურა - ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ
პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე
დაკისრებული ვალდებულებები.
ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და
ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია
აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას
ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ
მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის
შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი
კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად
და კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს
სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და მცხეთა-მთიანეთის
გუბერნატორი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ.
პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა
რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები
მაღალი გამავლობისაა და სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური
პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე
საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას
შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები