„კომისიების წევრების სია სუს-ში, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ოთახში იწერება“
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების
დასაკომპლექტებლად 306 წევრი აირჩია, რომლებიც 51 უბანზე
გადანაწილდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის თქმით, კომისიის წევრები სუს-ის და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ გადაცემული
სიებით დაკომპლექტდა.
„ 51 უბანზე სულ 306 წევრი შეირჩა. აქედან გადამოწმებული ინფორმაციით
90 პროცენტს შეადგენენ: საჯარო მოხელეები, მათი ოჯახის წევრები,
სკოლის და ბაღის პედაგოგები, ააიპებ-ის თანამშრომლები, ჩინოვნიკების
მეუღლეები და ა.შ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“
მხოლოდდამხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსს ენდობა, რომლებიც მათ მიმართ
პირდაპირ ანგარიშვალდებულები არიან. ამ ადამიანების ყოფნა საუბნო
საარჩევნო კომისიებში ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უპირობოდ
ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. მე თვითონ ვესწრებოდი საოლქო
სხდომას და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკლებლივ ყველა წევრს,
გარდა ოპოზიციური პარტიებისა, ჰქონდა სამუშაო სიები, რომელიც
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკრებულოს თავმჯდომარის და
მერის ოთახში იწერება. კომისიის წევრებს გამზადებული სიები ელაგათ,
სადაც იმ ადამიანების გვარი და სახელები ეწერა, ვინც უნდა აერჩიათ.
“
#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი
ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კომისიის წევრები პროფესიული
ნიშნით და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
„ კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი, სადაც სულ 475
განაცხადი შემოვიდა. 11 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში
ჩატარდა სხდომა, სადაც სახელობითი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით
შერჩეული იქნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. თითოეულ უბანზე
ექვსი წევრი. მათი არჩევა მოხდა პროფესიული ნიშნით და საარჩევნო
გამოცდილების მიხედვით. გათვალისიწნებული იქნა მათი ჩართულობა
მონაწილეობა იმ პროექტებში, რომელსაც საოლქო კომისია ახორციელებს.
კანონი არ კრძალავს, რომ საჯარო მოხელე იყოს საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრი. მე ვერ გეტყვით რა გახდა იმ მოსაზრების საფუძველი,
რომ სიები უშიშროების მიერ იყო წარდგენილი. ჩვენ გვქონდა იმ 475
მსურველის მონაცემები, ვინც დარეგისტრირებული იყო. სამუშაო ვერსია
გადაეცათ როგორც ოლქის მუდმივ წევრებს, ასევე ყველა პარტიის
წარმომადგენლებს, რათა გაეკეთებინათ ჩანიშვნები, თუ ვისზე შეიძლებოდა
მათი არჩევანი შეჩერებულიყო.“
ბრალდებას უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს
თავმჯდომარე და ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას საფუძველი არ
გააჩნია. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას
არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე 28 სექტემბრამდე
დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები