კვირიკაშვილის კადრებთან დაკავშირებულ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია - კახეთის გუბერნატორი
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია და არ მიგვიღია მოქმედების
შემდგომ ნაბიჯებზე ინფორმაცია, - აღნიშნულის შესახებ კახეთის
გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის
მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ვმუშაობდით წლების განმავლობაში და ასევე დაგეგმილი იყო სოზარ
სუბართანაც შეხვედრა, თუ რა გადანაწილება ხდება ინფრასტრუქტურისა და
რეგიონული განვითარების სამინისტროს, გუბერნიის ადმინისტრაციისა და
ახლად შექმნილი სამსახურის მხრივ, ამაზე ყოფილიყო საუბარი. როგორც
მოგეხსენებათ, სოზარ სუბარს ჭუბერში მოუწია წასვლა იქ შექმნილი
ვითარების გამო. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, გამომდინარე
იქიდან, რომ მთავრობის პოლიტიკა რეგიონებთან და მუნიციპალიტეტებთან
მიმართებაში მზარდია, ამ კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი როლი სამინისტროს
რჩება.
იმისთვის, რომ უშუალოდ პრემიერთან პოლიტიკური კუთხით ურთიერთობა და
თანამშრომლობა გაიზარდოს გუბერნატორებსა და რეგიონს შორის, ამ
კომპონენტის დამატება გახდა საჭირო. ჯერ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა
არ გვქონია და არ მიგვიღია მოქმედების შემდეგ ნაბიჯებზე ინფორმაცია“,
- განაცხადა გუბერნატორმა.
გუბერნატორის განცხადებით, მსჯელობა იმის შესახებ, რომ
გუბერნატორები თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილთან კავშირის
გამო გაათავისუფლდნენ, არასწორია.
„გუბერნატორების ნაწილი უფრო ადრეული დროიდან დაინიშნა, ზოგი
მოგვიანებით, ამიტომ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია“
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი
თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის,
სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე
ჯავახეთის გუბერნატორებმა.
მასალის გამოყენების პირობები