სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრებლები ადგილობრივ
ხელისუფელბას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, სოფელს არც გზა აქვს და
არც წყალი.
ანაგელების განცხადებით, პრობლემის მოგვარების თხოვნით
ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
,,2018 წლის საბიუჯეტო წლის დაგეგმვის დროს ანაგელები ვითხოვდით ამ
გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრეების გაკეთებას. გაზაფხულობით მოვარდნილ
ხევს ყოველწლიურად მოაქვს ქვა-ღორღი და ისედაც გაუბედურებულ გზაზე
გადაადგილებას ართულებს. სიღნაღის მერიამ შეაგდო ქვა და შეუშვირა თავი
- ამ გზას სანიაღვრეები არ სჭირდებაო და ცენტრალური ბიუჯეტიდან
გამოყოფილი თანხით დაიწყეს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი
სამუშაოები. მოქალაქებისთვის რომ თვალი აეხვიათ, გზაზე დაყარეს
რამოდენიმე მანქანა მიწა, მაგარამ შედეგმა არ დააყოვნა და მოვარდნილმა
წყალმა წაიღო დაყრილი მიწაც და დახარჯული ფულიც." - აღნიშნა ანაგაში
მცხივრებმა ნინო გოგოლაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის
განცხადებით, ბოლო პერიოდში მოსული სტიქიის სალიკვიდაციო
სამუშაოების დროს სოფელ ანაგაში ტექნიკამ ინტენსიურად
იმუშავა.
-"მთელი დატვირთვით მუშაობდა ტრაქტორი და გზები შეძლებისდაგვარად
გადავასწორეთ. ანაგელებს არაერთხელ ავუხსენით, რომ ადგილობრივ
ბიუჯეტში არ არის საშუალება, რომ ამ გზაზე ასფალტი დაიგოს. თუმცა ამ
პრობლემის მოსაგვარებლად და თანხების მოსაძიებლად აქტიურად ვმუშაობთ.
რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, მოგეხსენებათ გვალვების პერიოდი
იყო, რამაც ისევე როგორც სხვა სოფლებს, ანაგასაც შეუქმნა გარკვეული
პრობლემა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა.
ყოველდღიურად ვხვდები სოფლებში ჩემს წარმომადგენლებს და დეტალურ
ინფორმაციას ვიღებ მათგან." - განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, სოფელ ანაგის მცხოვრებლებმა გზის მოაფალტების მოთხოვნით
გასულ წელს
აქციაც გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები