შეტეფან მაიერი - გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ
სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის
ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში
გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან
საქართველოს უვიზო რეჟიმს, კერძოდ, ამ კუთხით გერმანიაში არსებულ
მდგომარეობას მიეძღვნა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ფორუმზე დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში
წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
ფორუმზე გერმანულ მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ფედერალური
მინისტრის მოადგილე, შტეფან მაიერი, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა
საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე, როდესაც 2017 წლის ბოლოს
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება
დაფიქსირდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ
თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის
თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო
სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის
სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული.
გერმანიის შს მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ
საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისს განხორციელებული
ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
მისი თქმითვე, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის
შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას.
მასალის გამოყენების პირობები