მიმდინარე წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების
ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 პროექტი დაფინანსდა.
განხორციელდება მარჯანიშვილის, მამისაშვილის (პირველი და მესამე
შესახვევი), ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების
რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 500
ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 17 500.
როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს,
დაგეგმილია საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციაც.
ორივე მიმართულებით მთლიანობაში 533 412 ლარია გათვალისწინებული.
-„დაახლოებით 2 თვეა, რაც სოფელ პატარძეულში მიმდინარეობს ჩიხლაანთ
უბნის გზის მოასფალტების სამუშაოები. 427 481 ლარია გამოყოფილი
რეგიონული განვითარების ფონდიდან და 22499 ლარი - ადგილობრივი
ბიუჯეტიდან. კაკაბეთში, მთელი სოფლის მასშტაბით, მოეწყობა სასმელი
წყლის ქსელი. ასევე მოასფალტდება ვერხვიანისა და ყანდაურის
დამაკავშირებელი გზა, ამისთვის მთლიანობაში 198 000 ლარია
გათვალისწინებული. საგარეჯოს #5 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება
რეაბილიტაცია, ასევე სოფელ მანავში მოეწყობა გადასასვლელი ხიდი.
-აღნიშნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, ასე
გამოიყურება:
- საგარეჯო-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე არსებული გარე განათების
ნათურები შეიცვლება ე.წ. ლედ-განათების ნათურებით. პროექტის
ღირებულებაა 35000 ლარი;
- სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის
რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 40 000 ლარი;
- ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების
მოსაწყობად გათვალისწინებულია 35 000 ლარი;
- სოფელ წყაროსთავში მოეწყობა ჭაბურღილი, პროექტის ღირებულება 25 000
ლარს შეადგენს;
- ქალაქ საგარეჯოში, სადგურის ზედა უბანში მოეწყობა ჭაბურღილი და
რეზერვუარი. პროექტის ბიუჯეტი 40000 ლარია;
- სოფელ ანთოკში გარე განათების მოსაწყობად 10 000 ლარი
გამოიყოფა;
- სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი
გზის მოასფალტებაზე 50 000 ლარი დაიხარჯება;
მასალის გამოყენების პირობები