"დიონისო“ - საბერძნეთში გაცოცხლებული ქართული თეატრი და პატარა საქართველო
"დიონისო“ - ასე ჰქვია ქართველ ემიგრანტთა თეატრალურ დასს
საბერძნეთში, რომელიც გურჯაანელმა თაკო სამხარაძემ ოთხი წლის წინ
ბერძენი მეუღლის დახმარებით დააფუძნა.
ეს ის ადგილია, სადაც პატარებისა და უფროსი თაობის დასი თავიანთ წილ
საქართველოს აცოცხლებს და ისევ მშობლიურ მხარეში ბრუნდება.
„დიონისოს“ უმცროსი ასაკის დასს ნელ-ნელა ემატებოდნენ პატარა
მსახიობები, არადა, თავიდან მხოლოდ ერთი იყო.
პირველად მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ დადგეს, რომელიც პატარა
ქართველებმა იქვე, „დიონისოს“ მცირე სცენაზე ითამაშეს. სპექტაკლით
გამოწვეული ემოციები და ემიგრანტების ცრემლები თაკოს დღემდე
ახსოვს.
მისი ძალისხმევით და ათენში მცხოვრები ქართველების მონდომებით ასე
ნელ-ნელა ვითარდება ქართული თეატრი იქ, შორეულ საბერძნეთში. „ლურჯი
ფრინველის“ შემდეგ, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო, რომელმაც პატარების
დასს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.
-„აქ, საქართველოში საესტრადო და თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე.
შემდეგ საზღვარგარეთ მიმიწვიეს სასწავლებლად. საბერძნეთში ქართული
თეატრალური ორგანზიაცია არ იყო და მთელი გულით მინდოდა მე გამეხსნა.
ჯერ ერთი, ეს ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა. საბერძნეთში მცხოვრები
ემიგრანტები ქართულ თეატრსა და კულტურას მოწყვეტილები არიან. ბავშვები
ბერძნულ წრეებზე დადიან, მაგრამ რატომ არ უნდა ეზიარონ იმ ქვეყნის
კულტურას, სადაც მათი ფესვებია?! თეატრის გარდა, პატარებს ვაცნობ
ქართულ იგავ-არაკებსა და პოეზიას, ამ ყველაფერს ისინი პირველად
ეზიარნენ. მათ არ იცოდნენ, ვინ იყო სულხან საბა ორბელიანი. ქართულ
საქმეს ვაკეთებ, მარტო ჩემთვის კი არა, იმ თაობისთვის, ვინც
საბერძნეთში იზრდება და ვინც იქ დაიბადა. ბავშვები, რომლებიც სცენის
გარეთ ბერძნულად ლაპარაკობდნენ, სცენაზე აბსოლუტურად უკომპლექსოდ
თამაშობენ ქართულად. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.“
„დიონისოს“ უფროს დასში ყველაზე პატარა მონაწილე 22 წლისაა, ყველაზე
უფროსი კი 67-ის. აქ მხოლოდ ერთი პროფესიონალია, დანარჩენებმა კი
უბრალოდ ბავშვობის ოცნება აისრულეს და მსახიობის როლები დროებით
მოირგეს.
-„პროფესიით მსახიობები არ არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ
გადასარევად ითამაშონ. ისინი უდიპლომო პროფესიონალები არიან. კარგად
იცით, ემიგრაციაში მუშაობა როგორი რთულია. დაღლილები მოდიან საღამოს
შვიდ-რვა საათზე, ეს დაღლილობა იქვე კართან რჩება და უდიდესი
ენთუზიაზმით იწყებენ რეპეტიაციას. მათ მონდომებას რომ ვხედავ, არ
მაქვს უფლება, მოვდუნდე და უფრო მეტი არ გავაკეთო მათთვის.“
მიმდინარე წლის მარტში, მარჯანიშვილის თეატრში თაკო სამხარაძეს
„წარმატებული ემიგრანტი ქალი- 2018“-ის წოდება მიანიჭეს. როგორც თავად
ამბობს, ამ აღიარებამ მისცა ბიძგი, რომ იქ, შორეულ საბერძნეთში, კიდევ
უფრო მეტი გააკეთოს. „დიონისოში“ მისი საქმიანობის გამო ანაზღაურება
არასდროს მიუღია. ამბობს, რომ როდესაც შენი საქმე გიყვარს, ამ დროს
ფინანსურ მხარეს ყურადღებას საერთოდ არ აქცევ.
ცოტა ხნის წინ სიღნაღის თეატრში გამართულ ფესტივალზე „დიონისოს“
პატარების დასმა აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი
„ღამურა“ ითამაშა. გარდა იმისა, რომ ახალბედა მსახიობებმა მშობლიური
ქვეყნის სცენას ეზიარნენ, ზოგიერთმა მათგანმა საქართველო პირველად
ნახა. დასმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
თაკოს გეგმები დიდია, კიდევ მრავალი სპექტაკლი უნდა დადგას, ოღონდ
უფრო მეტი კომედია, რომელიც ათენში მცხოვრებ ქართველებს ემიგრანტობით
გამოწვეულ სევდას ცოტა ხნით მაინც დაავიწყებთ.
მასალის გამოყენების პირობები