გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტმა, პეტერ შულცემ რაიონის
ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ გურჯაანში ტურიზმის
განვითარების 20 პუნქტიანი გეგმა და ანალიზი გააკეთა.
გერმანელმა ექსპერტმა სამი კვირის განმავლობაში მერიის საგარეო
ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების
უფროსთან ნინო ნინოშვილთან ერთად მოინახულა ტურისტული ადგილები,
შეისწავლა მუნიციპალიტეტის პოტენციალი, ძლიერი და სუსტი მხარეები.
პეტერ შულცეს თქმით, ტურისტების დასაინტერესებლად პირველ რიგში
საჭიროა დიდების მემორიალის განახლება და დასასვენებელი პარკის
მოწყობა, სადაც სხვადასხვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
ატრაქციონები მოეწყობა.
„მე შემოვიარე სოფლები, მოვინახულე ტურისტული ადგილები, გავეცანი
თქვენს კულტურას და ტრადიციებს, რის შემდეგაც შემიძლია გითხრათ, რომ
გურჯაანს აქვს დიდი პოტენციალი ღვინის ტურიზმის, აგროტურიზმის,
ეკოტურიზმის, არქეოლოგიური ტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის
განვითარებისთვის. სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთად შევიმუშავეთ,
მუნიციპალიტეტს დაეხმარება ტურიზმის ეტაპობრივად განვითარებაში.
მნიშვნელოვანია 53 მარნის პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა
მიმდინარობს. პირველი, რაც თვალში მომხვდა ეს არის სტუმარ
მასპინძლობის უნიკალური ტრადიცია, მომწონს თქვენი მენტალიტეტი,
განსაკუთრებით მომეწონა ქვევრში დაყენებული ღვინო.“
როგორც მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და
ტურიზმის განყოფილების უფროსმა ნინო ნინოშვილმა speqtri.ge-სთან
საუბარში აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად მუშაობა ეტაპობრივად
უკვე მიმდინარეობს.
„ ექსპერტმა შეისწავლა რაიონში არსებული მდგომარეობა. აქცენტი გააკეთა
მეღვინეობაზე. ამ დროისთვის 53 მარანი არის გადასული მეორე ეტაპზე.
ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეწარმეების პროექტი, რომელსაც
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერია, მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით. ვიწყებთ მუშაობას იმის თაობაზე, რომ ყველაწმინდის
ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყოს შეტანილი
და აღიარებული. ეს ტურიზმის განვითარებას კიდე უფრო შეუწყობს ხელს.
მოხდა მთიანი სოფლების დათვალიერება, სადაც შევისწავლეთ ისეთი
საკითხები, როგორიცაა: ეკოტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და ა.შ.
იდეის დონეზე მუშავდება ისეთი თემა, როგორიცაა გარემკითხველთა
ჯგუფისთვის ტყეში ჰამაკების მოწყობა.“
ნინო ნინოშვილის თქმით, ამჟამად დიდების მემორიალზე უკვე დაიწყო
გარკვეული სამუშაოები, რაც თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ
მიმდინარეობს ფონდების მოძიება. მისივე თქმით, უკვე ჩატარდა რეგიონული
შეხვედრა აზიის განვითარების ბანკთან, რომელიც აპირებს სამ რეგიონში
ჩადოს 700 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. მათ შორისაა ქალაქები:
გურჯაანი, თელავი და ახმეტა.
მასალის გამოყენების პირობები