გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის უფროსი პედაგოგი ნინო ჭანტურიძე
კიდევ ერთი პროექტის გამარჯვებულია. ის კლუბის "სიკეთე გადამდებია"
წევრებთან ერთად, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში დააჯილდოეს.
ნინო ჭატურიძის თქმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, ასევე
დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროექტი,
რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რამდენიმე კვირის
წინ გამოცხადდა.
"ორი კვირის წინ დამირეკეს თბილისიდან. არ ვიცოდი სად და რისთვის
მივდიოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შეხვედრა გვქონდა სასტუმრო
"კოპალაში". 15 წუთში უნდა დაგვეწერა პროექტი დამოუკიდებლობის 100
წლისთავთან დაკავშირებით. ასი სკოლიდან 17 პედაგოგი იყო შერჩეული.
ჩვენ სკოლაში გვაქვს კლუბი "სიკეთე გადამდებია" და ეს პროექტიც სწორედ
ამ კლუბს მოვარგე. ცოტა ვნერვიულობდი, ჩემს გარდა, ყველა მასწავლებელი
თემატიკასთან ახლოს იყო: იქ იმყოფებოდნენ ისტორიკოსები, სამოქალაქო
განათლების სპეციალისტები, ფილოლოგები და მხოლოდ მე ვიყავი ფიზიკოსი.
"
როგორც ნინო ჭანტურიძემ აღნიშნა, 21-ში პროექტის წარმომადგენლები
ჩამოვიდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ კლუბის მუშაობას.
"კლუბში არიან მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის
მოსწავლეები, სულ 16 ბავშვი. პროექტის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჯგუფი
გახსნილი, სადაც ამ ხნის განმავლობაში ვტვირთავდით იმ ფოტოებს და
მასალებს, რასაც პროექტის ფარგლებში ვაკეთებდით. თვითონაც აღნიშნეს,
რომ ძალიან მცირე დრო გვქონდა, თუმცა ბავშვებმა ყველაფერს კარგად
გაართვეს თავი. წარმომადგენლები ყველა პედაგოგის მუშაობას ადგილზე
გაეცნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეს გამარჯვებულები. ხუთი
მოსწავლის წაყვანის უფლება მქონდა, ამიტომ ყველა კლასიდან თითო უფრო
აქტიური ბავშვი ამოვარჩიე. იყო რამდენიმე ნომინაცია, ჩვენ გავიმარჯვეთ
ნომინაციაში "ყველაზე დამოუკიდებელი კლუბი."
მისი თქმით, დაჯილდოება პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
"გუშინ იყო დაჯილდოება უკვე ჩვენი პროექტის დამაგვირგვინებელი
ღონისძიება. საჩუქრად გადმოგვცეს თანამედროვე ყავის საფქვავი, 16
გეგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი და სელფის ჯოხი. ასევე ტექნიკის
მაღაზიის ასლარიანი ვაუჩერი. სერტიფიკატი თვითონ პრეზიდენტმა
გადმოგვცა. ვაუჩერით კლუბისთვის ხმის გამაძლიერებლების ყიდვას
ვაპირებთ, რადგან ხშირად გვჭირდება."
ნინო ჭანტურიძის თქმით, პროექტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას
მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა, რა კუთხით, ჯერ არ იცის.
მასალის გამოყენების პირობები