გიორგი გახარია - კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორების პოზიციაზე მოქალაქეთა
მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ,
კრიმინალური პოლიციის, მათ შორის უბნის ინსპექტორების მიმართულებით
დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტში ისაუბრა.
მისი განცხადებით, კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი
სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია, თუმცა კრიმინალური
პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა, საკმაოდ რთულია.
“დღეს, ამ ერთ-ერთ მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს
სპეციალიზაცია. მდგომარეობა არის შემდეგი: - ისეთი თანამდებობრივი
პოზიციები, როგორიცაა უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი და
გამომძიებელი, არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და მხოლოდ სახელფასო
გრადაციისთვის გამოიყენება. ამ დასახელებების უკან შინაარსობრივი
გრადაცია არ არის. დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო
გამიჯვნა ხდება. საგამოძიებო კომპონენტი ცალკე გამოიყოფა. დავიწყეთ ამ
მიმართულებით ტესტირება. გვაქვს საკმაოდ კარგი მონაცემები, რომლის
შესახებაც უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ. ცალკე ჩამოყალიბდება
საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი დიდი იმედიც
გვაქვს, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი
სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება - ის იქნება უბნის ოფიცერი. უკვე
შექმნილია მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ
ასეთი პოზიციის 365 ადამიანი გვჭირდება. დაწყებულია 80 ადამიანის
მომზადება. 10 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ღია კონკურსი
გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის
მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უბნის ინსპექტორი არის კრიმინალური
პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ანალიზზე
დაფუძნებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები უნდა
შეიქმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები