"მკვდარს გამიყვანენ აქედან“ - გურჯაანში მოვაჭრეები ბაზრის დატოვებას არ აპირებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ბაზარში
მოვაჭრეებს შეხვდა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ალტერნატიული ფართი
შესთავაზა.
ამ შეთავაზებამ პროტესტი გამოიწვია, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი
ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
„მერმა გვითხრა, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოგიყოფთ ადგილს და იქ გადადითო.
არც დახლებია, არც გგადახურულია და ამ შუაგულ მზეში ტრიალ მინდორზე
უნდა დავდგეთ?! არსად გასვლას არ ვაპირებთ. ან იქ ვინ უნდა მოვიდეს,
სადღა იქნება მყიდველი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, თუ ვაჭრობა არ
იქნება, სესხი რითი უნდა დავფაროთ?! მკვდარს თუ გამიყვანენ აქედან,
თორემ ცოცხალი არ გავალ. ჯერ ერთი მხარე ააშენონ და მერე მეორე, ჩვენც
ისევ აქ დავრჩებით და ისე ვივაჭრებთ.“- აღნიშნა მარინა
უტიაშვილმა.
მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ თუკი ისინი ტერიტორიას დატოვებენ, მათ
მეპატრონეები უკან აღარ დააბრუნებენ და ბაზრის ადგილას სხვა ობიექტი
აშენდება . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით speqtri.ge-ს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ესაუბრა.
-„ჭავჭავაძის ქუჩაზე არის ფართი, რომლის ნაწილი ეკალ-ბარდისაგან
გასასუფთავებელია. მოვაჭრეებს შევხვდი და შევთავაზე, რომ დროებით იქ
გადასულიყვნენ, სანამ ბაზარი აშენდება. დასუფთავების ხარჯს კი მერია
გაიღებდა. მაგ ადგილას ადრე იმართებოდა ე.წ. საბითუმო ბაზრობა, სადაც
კარგი ვაჭრობა იყო. ადგილი ადვილად მისადგომია და არც მაგისტრალი
გადაიკეტებოდა. ამაზე კარგი ალტერნატივა პრინციპში გურჯაანში არ
არსებობს. მეპატრონე შეგვპირდა, რომ ამ ადგილს უფასოდ დაგვითმობს. მე
ვარ გარანტია იმის, რომ როგორც გადავიყვან, ისე დავაბრუნებ
რეაბილიტირებულ ადგილას . მოვაჭრეებმა პროტესტი გამოთქვეს,
დეზინფორმაციები ვრცელდება რატომღაც. ამიტომ შევხვდი მათ და პირადად
ვესაუბრე.“
კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, გურჯაანის გლეხური ბაზრის
ადმინისტრაციაში თარიღს ვერ აკონკრეტებენ.
მასალის გამოყენების პირობები