"პურთა პური“ - სოციალური საწარმო გურჯაანში, სადაც მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან
გურჯაანში, ფურცელაძის ქუჩაზე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,
მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო „პურთა პური“ გაიხსნა.
საცხობში ძირითადად მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. აქ გამომცხვარი
პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის
მასშტაბით გაიყიდება.
საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ
სიბაშვილს ეკუთვნის.
-„საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და
ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა
მშობლების დასაქმებას. ამის გარდა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად
სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ კახეთის მხარეს. პირველ ეტაპზე გურჯაანიდან
დავიწყებთ, შემდეგ კი თუ დაფინანსება გვექნება, წარმოებას
გავაფართოებთ. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ
მარტხოელა მშობლების მხარდაჭერაა.“- აღნიშნა თამარ სიბაშვილმა.
საწარმოს გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
-„გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი სოციალური საწარმოს შექმნა
მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
უნდა მივირთვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საწარმოს ბევრი
მომხმარებელი ეყოლება.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა
არჩილ ხანდამაშვილმა.
პროექტი 4080 ლარით დაფინანსდა, რომლითაც ის ძირითადი ინვენტარი
შეიძინეს, რაც ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. პროექტს ახორციელებს
ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ და ევროკავშირი, მათ
შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის,
განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება,
მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს
მიერ დაფინანსებული პროექტი "მარტოხელა მშობლების უფლებების
ადვოკატირება“.
მასალის გამოყენების პირობები