გურჯაანის მეორე, მესამე და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებში
კრიტიკული შეუსაბამოების გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი დღეიდან
განახლდა.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების
გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ორ ბაღში
სამზარეულოს რემონტი უკვე დასრულებულია.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სულ ოთხი ბაღი შეამოწმა. გარდა იმისა,
რომ შეჩერდა სასწავლო პროცესი, თითოეული საბავშვო ბაღი 1000 ლარით
დაჯარიმდა. მესამე, მეოთხე და სოფელ ბაკურციხის ბაღების
სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამოებები დაფიქსირდა. კონკრეტულად
საუბარია იმაზე, რომ ჭერი და კედლები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
რაც შეეხება მეოთხე ბაღს, აქ შენიშვნები არ ყოფილა. 2015 წელს,
როდესაც სამზარეულოები გარემონტდა, არაეფექტური ვენტილაცია მოეწყო. ამ
ბაღებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბავშვთა კონტიგენტია, სადილის
მომზადების პროცესში წარმოქმნილი ორთქლის შედეგად კედლებსა და ჭერზე
საღებავი ჩამოიშალა. ეს, შეიძლება საკვებში მოხვედრილიყო, რაც, რა
თქმა უნდა, სახიფათოა. აქედან გამომდინარე სურსათის უნვებლობამ მიიღო
საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება. “
მისივე თქმით, შაბათსა და კვირას ამ სააღმზრდელო დაწესებულებებში
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და სასწავლო პროცესი დღეს
დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.
„ნომერ მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები
უკვე დამთავრებულია, რაც შეხება ბაკურციხეს, აქ, მხოლოდ სადილისთვის
მოგვიწევს გამონთავისუფლებულ ოთახში სამზარეულოს მოწყობა. დღის მეორე
ნახევრისთვის კი, ყველა სამუშაო დასრულდება. გარდა სამზარეულოსი,
ბაღებში ინფრასტრუქტურული კუთხით სხვა პრობლემებიცაა. სამზარეულოების
ხარჯთაღრიცხვები უკვე გაკეთებულია. სამუშაოები დაგეგმილი იყო ივლისში,
როდესაც სააღმზრდელო პროცესი დასრულდებოდა.“
ლელა თევდორაშვილის განმარტებით, შენიშვნა არაეფექტურ ვენტილაციასთან
დაკავშირებით გაერთიანებაში თებერვალში შემოვიდა. მარტის ათ რიცხვამდე
ელექტროგამწოვები უკვე შეიძინეს და დაამონტჟეს, თუმცა ამ დროს ჭერი და
კედლები უკვე დაზიანებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები