დღეიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რამდენიმე
რეგულაცია: ყველა შენობა-ნაგებობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი
(გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თავისუფლდება
თამბაქოს კვამლისგან!
1 მაისიდან
აკრძალულია თამბაქოს, ჩილიმის და ელექტრო სიგარეტის
მოხმარება ამ სივრცეებში.
ასევე იკრაძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და თამბაქოს
მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა, პოპულარიზაცია,
სპონსორობა. ამ ტიპის პროდუქციის რეალიზაციაზედაწესებულია
შეზღუდვები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით
არსებულ თითქმის ყველა აქტუალურ კითხვაზე.
- რა მიზანს ისახავს კანონი თამბაქოს შესახებ?
თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400
ადამიანი იღუპება. კანონის მიზანია ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს აქტიური
და პასიური მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებისა და
სიკვდილიანობის შემცირება. თამბაქოს კვამლი უდიდეს ზიანს აყენებს
ადამიანის ჯანმრთელობას, იგი ქრონიკულ დაავადებების ერთ-ერთი
უპირველესი გამომწვევიცაა . აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ
ქვეყნის ბიუჯეტი დაიზოგება. თამბაქოს მომწამვლელ ნაწარმში
ყოველწლიურად გადახდილი მილიონობით ლარი კი საზოგადოების სასარგებლოდ
გაცილებით უკეთესი მიზნებისკენ მიიმართება.
- რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რამდენად ხშირია შენობაში
თამბაქოს მოწევის აკრძალვა?
ევრო - კავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მსგავსი
კანონი და წარმატებით ართმევს თავს მის აღსრულებას. ბრიტანეთში
მოწევის აკრძალვა ჯერ კიდევ 2007 წელს დაკანონდა, ხოლო ამერიკის
რამდენიმე შტატში არსებობს სხვადასხვა რეგულაციები შენობებში მოწევის
შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების
უმრავლესობამ უახლეს წარსულში აკრძალა მოწევა შენობების შიგნით
გარკვეული საგამონაკლისო წესებით. აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი კანონი
აქვს მიღებული მოლდოვას, რუმინეთს, უკრაინას, რუსეთსა და ა.შ.
- საქართველოს მოსახლეობისთვის რა სარგებლის მომტანი იქნება
აღნიშნული კანონი?
თამბაქოს მოხმარების კუთხით საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის
რეგიონში მე-2 ადგილზეა. ახალი თაობის კანონი თამბაქოს კონტროლის
შესახებ საქართველოს მოქალაქეებს პირველ რიგში შეუნარჩუნებს
ჯანმრთელობას, გაადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. შემდეგი 15 წლის
განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და
მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი
დაიზოგება. ეს ციფრები მოყვანილია კვლევაში, რომელიც გაეროს
განვითარების პროგრამისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების
თანამშრომლობით ჩატარდა.
- რა შეზღუდვებს დაგვიწესებს ახალი კანონი?
შეზღუდვები ბევრი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ
დავიცვათ მომავალი თაობები მსოფლიოში გავრცელებული თამბაქოს
ეპიდემიისგან და ამდენად დავიცვათ მათი ჯანმრთელობა. ძირითადი
შეზღუდვა შეეხება შენობის შიგნით თამბაქოს მოწევას. ყველა შენობა 1
მაისიდან უნდა იყოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი. ნებისმიერი
მწეველი ადამიანი მოვალეა პატივი სცეს თავის თანამოქალაქე
არა-მწეველის უფლებას ჯანმრთელობაზე და შენობის გარეთ მოიხმაროს
თამბაქო.
- დაგვიკონკრეტეთ შეიძლება თუ არა მაგალითად, არა სიგარეტის, არამედ
ელექტრონული სიგარეტის მოწევა?
1 მაისიდან შენობათა ინტერიერი იქნება თავისუფალი ნებისმიერი სახის
თამბაქოს კვამლისგან, მათ შორის ელექტრონული სიგარეტიდან და ჩილიმიდან
გამოფრქვეული კვამლისგან.
- კერძოდ რომელ შენობებს შეეხება ეს შეზღუდვა?
ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის შენობება- ნაგებობებს, მათ
შორის იმ შენობებს, სადაც ჩვენი თანამოქალაქები მუშაობენ, არ აქვს
მნიშვნელობა ეს არის კერძო თუ საჯარო დაწესებულება. მოწევა შეიზღუდება
აგრეთვე რესტორნების, კაფეების, ბარების, სასტუმროების (კვების სხვა
ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო
ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში. კანონი
თამბაქოს მოწევას აკრძალავს სილამაზის სალონებში, სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებში, პოლიკლინიკებში, ესთეტიკური მედიცინის
ცენტრების, სამედიცინო-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრების
ინტერიერში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. შეზღუდვა ასევე
შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს,
ბაგა-ბაღებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს. ამდენად ამ
დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ
მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა.
- სასტუმროებზე გავრცელდება ეს აკრძალვა?
ნაწილობრივ. კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს
მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია
სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის
შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს
ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო
ადგილას უნდა განთავსდეს.
- დღემდე აკრძალული იყო მოწევა ბენზინ-გასამართ სადგურებზე,
ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ სიახლეს?
ამ მხრივ სიახლეს კანონი არ შეიცავს. როგორც ადრე მოქმედებდა ეს
შეზღუდვა, ისევე იმოქმედებს 1 მაისიდანაც, კერძოდ ბენზინგასამართი,
გაზ-გასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ
დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ
ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება მოწევა
დაუშვებელია.
- როგორ განვსაზღვროთ რა არის შენობა აღნიშნული კანონის
მიხედვით?
შენობა - ნაგებობა არის ნებისმიერი აშენებული კონსტრუქცია, რომელსაც
აქვს იატაკი, სახურავი ანდა ჭერი, ხოლო მისი კედლები ნახევრად მაინც
არის მოძრავი ან უძრავი, მაგალითად აივანი, ვერანდა ღია ან დახურული
დარაბებით ან კარით ჩაითვლება შენობად. მარტივია ვუპასუხოთ კითხვას თუ
რა არ არის შენობა. - შენობა არ არის ყველა ის დანარჩენი სივრცე,
რომელიც სათანადოდ ნიავდება,და რომელსაც არ გააჩნია ჭერი და მოძრავი
ან უძრავი კედლები.
- რა ვქნათ როდესაც დავინახავთ, რომ მძღოლი ეწევა ტაქსიში ან
სამარშუტო ტაქსიში ?
კანონის მიხედვით ტაქსიში მოწევა დასაშვებია, ასევე თუკი საზღვაო
ქალაქში იმყოფებით, კატერშიც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მოწევა. თუმცა
რაც შეეხება ავტობუსს, ტრამვაის, სამარშუტო ტაქსის - ცხადია აქ
ვერავინ მოწევს და ეს იქნება კანონის დარღვევა.
- სად იქნება დასაშვები მოწევა?
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ
სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში,
სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი
დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის
საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო
ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული
ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ
დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი
დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020
წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების
არაუმეტეს 20%-ში.
სადარბაზოში შეიძლება სიგარეტის მოწევა?
არა, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება,
ისევე როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი,
სახურავი, ლიფტი.
რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისთვის ?
- წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500
ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
- ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ
ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც
საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი,
სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით,
განმეორების შემთხვევაში 100 ლარით.
- სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის
აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას
500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
- რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში
მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის
დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
- ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის
აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.
- ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო
საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას
50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.პირველი მაისიდან მარტივდება
დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში
პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს,
სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე
შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ
პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო
სანქციას.
- პირველი მაისიდან, თუ კი მოქალაქე შენიშნავს, რომ სხვა პირი
სიგარეტს ეწევა, მაგალითად, სადარბაზოში [მოწევა იკრძალება
მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა –
სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, ლიფტი და სხვა], საპატრულო
პოლიციას უნდა დაუკავშირდეს?
უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა მიმართოს, უთხრას, რომ აქ აკრძალულია
მოწევა და თუ არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს
პოლიციას.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინ უნდა გააკონტროლოს სიგარეტის
მოწევა?
მძღოლმა ან კონდუქტორმა, ვინც არის, შესაბამისად. თუ არ დაემორჩილა
მგზავრი მითითებას, უკვე მძღოლი გადაწყვეტს და დარეკავს [საპატრულო
პოლიციაში].
- კანონში აღნიშნულია, რომ დაჯარიმების უფლება ექნება
ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციებს. რა
ადმინისტრაციებზეა საუბარი კონკრეტულად?
მაგალითად, ტრანსპორტის ადმინისტრაციას, ვისაც ეკუთვნის შესაბამისი
ტრანსპორტი. რკინიგზის შემთხვევაში – რკინიგზას, მერიის შემთხვევაში –
მერიას და ა.შ.
- თუ კერძოა ტრანსპორტი, მაგალითად, სამარშრუტო ტაქსი?
თუ კერძო ტრანსპორტია და მძღოლია ამ შემთხვევაში მფლობელი,
პასუხისმგებლობა არის მასზე. დაჯარიმდება შესაბამისი იურიდიული პირი,
ფიზიკურ პირთან ერთად.
- რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა სიგარეტს ეწევიან,
მაგალითად, მერიაში, სამინისტროში ან საკრებულში?
უნდა მიუთითოს ადმინისტრაციამ [რომ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება],
წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ ადმინისტრაციას. თუ არ მიუთითებს
და პატრულს არ გამოიძახებს, დაჯარიმდება თავად ადმინისტრაცია. თუ
შემოვა მაკონტროლებელი და ნახავს, რომ ეწევიან და არ იყო შეტყობინება
შემოსული, დაჯარიმდება, მაგალითად, საკრებულო.
- ექნება თუ არა სიგარეტის მოწევის ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს
მტკიცებულების ძალა? მაგალითად, თუ ადამიანი წარადგენს ვიდეოს,
რომელიც გადაღებულია კაფეში, სადაც ეწევიან, ამ შემთხვევაში რა
ხდება?
დაჯარიმება იმ მომენტში უნდა მოხდეს, პოსტფაქტუმ დაჯარიმება ცოტა
რთული თემაა. მაშინ სასამართლოში უნდა წარადგინოს მოქალაქემ ვიდეო. აქ
საუბარია იმაზე, რომ შეუძლია მიმართოს პოლიციას – „აქ ეწევიან და
მობრძანდით, თუ შეიძლება რეაგირება გააკეთეთ“. სანქცია იწერება მაშინ,
როცა პოლიციელი მივა კაფეში.
- გამოდის, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია მოქალაქეების
აქტიურობაზე.
რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანაში ასეა ეს კანონი და ამიტომაც არის ჩვენი
საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი – „ნუ იქნები
პასიური“. აქ ორი რამ იგულისხმება – სამოქალაქო აქტიურობა და ასევე,
პასიური მწეველობა. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ეს კანონი შემოვიდა,
სწორედ მოქალაქეების აქტიურობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.
- საქართველოში მწეველთა რაოდენობა დიდია. გაქვთ მოლოდინი, რომ
მოქალაქეები იაქტიურებენ?
ვფიქრობ, რომ იაქტიურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, შეგნებული
მოქალაქეები. უნდა უთხრან ადამიანს – „მე მწამლავ, გარეთ მოწიე“.
აქამდე კანონი არ არსებობდა და მოქალაქეები შეზღუდული იყვნენ თავიანთ
შესაძლებლობაში, რომ მიეთითებინათ თავიანთი თანამოქალაქეებისთვის – თუ
შეიძლება, ნუ მისპობთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ახლა კანონი უკვე
მათ მხარეს იქნება. რისკები ყოველთვის არის, მაგრამ ყველაფერს
ვაკეთებთ, რომ კანონმა იმუშაოს. ამისთვის არის საინფორმაციო კამპანია,
არის სწავლება აღმასრულებლების, ვისაც დაევალება კანონის აღსრულება,
არის მოხალისეების მობილიზება, რომლებიც ძალიან აქტიურად ივლიან დიდ
ქალაქებში
- რა უნდა გააკეთონ მოხალისეებმა?
მოხალისეები ივლიან და ეტყვიან მოქალაქეებს, თუ შეიძლება ჩააქრეთ
სიგარეტი ან გაბრძანდით გარეთ – ამაზეა საუბარი. სამი-ოთხი თვის
შემდეგ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში [სადაც მსგავსი კანონი მიიღეს] ეს
გახდა თვითაღსრულებადი ნორმა. არავის ეგონა, რომ ირლანდიურ პაბებში
სიგარეტის მოწევა აიკრძალებოდა და სიგარეტის გარეშე შეიძლებოდა ლუდის
დალევა, მაგრამ სამი თვის მერე აღარავის ახსოვდა მოწევა ოდესმე
დაშვებული თუ იყო შენობაში. გამოდიან, ეწევიან გარეთ და შედიან
შიგნით, არ არის არავითარი პრობლემა. ერთი წელი ჰქონდათ ვადა ჩვენთან
ორგანიზაციებს მომზადებულიყვნენ, მოეწყოთ გარეთ შესაბამისი,
დამატებითი ადგილები. კანონი შედის ძალაში მაისში, როცა გარეთ
გამოსვლა პრობლემა არ არის, იმისათვის, რომ ზამთრისთვისაც მოემზადონ
და გამათბობლები შეიძინონ, როგორც ეს ევროპაშია.
წყარო: http://www.ncdc.ge/
მასალის გამოყენების პირობები