გურჯაანში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგების უფასო კონსულტაციები გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთი წლის მანძილზე განხორციელდება პროექტი
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების
უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა და მათი ფუნქციონირების
ხელშეწყობა“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო
პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF)
მიერ, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს ააიპ-ი „ქალები რეგიონებიდან
საზოგადოების განვითარებისათვის“ (ხელმძღვანელი მარინა (მარიეტა)
კაკიაშვილი) და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე
არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქრონიკულ
დაავადებათა სამედიცინო აუდიტი“ (ხელმძღვანელი სოფიო კასრაძე).
როგორც ჩვენთან საუბარში მარინა (მარიეტა) კაკიაშვილმა განაცხადა,
პროექტი მიზნად ისხავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3-დან 6
წლამდე ასაკის ბავშვებში ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებებისა და
ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროულ გამოვლენას და სწორ
დიაგნოსტიკას.
„14 აპრილს პროექტის ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც
ესწრებოდნენ საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასის პედაგოგები, ასევე
პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები. პედაგოგებმა მოისმინეს
საინფორმაციო ხასიათის მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე,
როგორიცაა - ბავშვის ნორმალური განვითარება და განვითარებითი
დარღვევების ადრეული ამოცნობა, აუტისტური სპექტრის აშლილობა,
ყურადღების დეფიციტი და სხვა. ანალოგიური ტიპის შეხვედრა გაიმართება
28 აპრილს 12 საათიდან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების
მონაწილეობით.“
მისივე თქმით, მათი ორგანიზაცია ასევე ახორციელებს მეორე პროექტს
„გურჯაანის რაიონში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა და მათ მშობელთა
ფსიქოლოგიური მომსახურების დანერგვა“, რომელიც აგრეთვე დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ.
მარინა კაკიაშვილის თქმით პროექტის ფარგლებში 3 აპრილს ჩატარდა
ტრენინგი ბაღების მენეჯერებისთვის.
„პროექტის ფარგლებში ჩატარდა ასევე საქმიანი შეხვედრები გურჯაანის
გამგებელთან და მის პირველ მოადგილესთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ხელმძღვანელთან და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან. განვიხილეთ
პროექტის ჩატარების დეტალები და გეგმა-გრაფიკი. პროექტის ეფექტური
განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო სტრუქტურების
წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს.“
მისივე თქმით, ამავე პროექტის ფარგლებში მოწვეული ექიმი ფსიქოლოგის
მიერ 3-დან 6 წლამდე ბავშვთა და მათ მშობელთა უფასო კონსულტაციები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 28
აპრილს და 5 მაისს 10 საათიდან ჩატარდება. რაც შეეხება გასინჯვებს
სოფლების ამბულატორიებში, თარიღები უახლოეს მომავალში
გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები