გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის
მშენებლობა გასული წლის ნომბერში დასრულდა, თუმცა ექიმებს პაციენტების
მიღება კვლავ ძველ ამბულატორიაში, წვიმის დროს ქოლგით ხელში უწევთ.
შენობაში იატაკი დაზიანებულია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის.
-„თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაა აქ. როცა წვიმიანი ამინდია,
გუბეები დგება ხოლმე. ახალი შენობა კი ააშენეს უკვე რამდენიმე თვეა,
მაგრამ იქ რატომ არ გადავიდნენ არ ვიცი.“- გვითხრა ვეჯინის მცხოვრებმა
ნონა გულაღაშვილმა.
ამბულატორიის მშენებლობისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55
607 ლარი დაიხარჯა. მიზეზი, რის გამოც ობიექტი ამ დრომდე ვერ გაიხსნა,
ისაა, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი არ არის.
-„სამუშაოები დასრულებულია. დასამონტაჟებელია ელექტროენერგიის
მრიცხველი, რომელიც ენერგო-პრო ჯორჯიას მოსაგვარებელია, როგორც
გვიპირდებიან მომავალ კვირაში აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებენ, რის
შემდეგაც ამბულატორია ახალ შენობაში განთავსდება.“-აღნიშნა
speqtri.ge-სთან პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ია დათუკიშვილმა.
როგორც ენერგ-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიამ მათ ენერგოუზრუნველყოფის მოთხოვნით 30 მარტს მიმართა.
-„მსგავსი ტიპის მომართვის შემთხვევაში კომპანიამ სამუშაოები უნდა
შეასრულოს არა უგვიანეს 40 დღისა. ვადა 15 მაისამდეა. თუმცა, იმის
გათვალისწინებით, რომ ამბულატორია სოფლისთვის სტრატეგიულ ობიექტს
წარმოადგენს, კომპანიას მზად აქვს ტექნიკური პირობა და უახლოეს
დღეებში მოხდება ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. “-აღნიშნა ენერგო-პრ
ჯორჯიას კახეთის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
წარმომადგენელმა ჟანა დიდებაშვილმა.
ცნობისთვის, ვეჯინელები ამბულატორიის ახალ შენობაში განთავსებას უკვე
წლებია ითხოვენ. გადაწყვეტილება კი ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ
მხოლოდ გასულ
წელს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები