გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყება
წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ გურჯაანის კულტურისა და
დასვენების პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პარკის აღდგენის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით
სონღულაშვილს ეკუთვნის. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან
უნდა დაფინანსდეს. როგორც ჩვენთან საუბარში დავით სონღულაშვილმა
განაცხადა, ტენდერის შედეგად უკვე ცნობილია კომპანია, რომელიც პარკის
აღდგენის პროექტს შეადგენს.
„ ამ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს. ჩამოვიდნენ წარმომადგენლები,
დაათვალიერეს ტერიტორია და შეუდგნენ სამუშაოს. როგორც პროექტირების
პროცესი დასრულდება, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
ტენდერი გამოცხადდება. პარკში გაკეთდება გასართობი ცენტრი, საგამოფენო
დარბაზი, ღია კინოთეატრი, მოხდება შალიკაშვილების სახლ-მუზეუმის
რეაბილიტაცია და სხვა. პარკი აუცილებლად დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რაც
წლების წინ ჰქონდა. პროექტირების ღირებულება 300 ათას ლარზე მეტია.
რაც შეეხება ტექნოპარკს, ის პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. განიხილებოდა
ორი ვარიანტი: ერთი რკინიგზის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და მეორე
ახალი შენობის აშენება. იქიდან გამომდინარე, რომ კულტურის სახლის
გადაკეთება უფრო ძვირი ჯდებოდა, გადაწყდა, რომ ახალი შენობა აშენდეს
პარკის ტერიტორიაზე.“
დავით სონღულაშვილის თქმით, ამ დროისთვის საბაგიროს აღდგენა არ
იგეგმება.
„საბაგიროს აღსადგენად დიდი თანხებია საჭირო. ამიტომ განვსაზღვრეთ,
რომ ჯობია პარკის რეაბილიტაცია მოხდეს სრულფასოვნად და შემდეგში
ვიზრუნოთ, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება საბაგიროს აღდგენაც.“
მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ტენდერი სავარაუდოდ ივლისის
დასაწყისში გამოცხადდება და აგვისტოდან სამუშაოები დაიწყება .
მასალის გამოყენების პირობები