გურჯაანში მოსახლეობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებელი საკითხები გააცნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს და
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელებმა, უვიზო მიმოსვლის
წესების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას საჯარო მოხელეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო
უვიზო მიმოსვლის წესებს, რისკებს, რომელიც ამ წესების დარღვევასთანაა
დაკავშირებული, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების
პროცედურების ბოროტად გამოყენებას.
-„უკვე ერთი წელია საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ იმოგზაურონ
ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში. ამასთან დაკაშირებით საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნატოს და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია
საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კიდევ
ერთხელ ვცდილობთ მოქალაქეებამდე მივიტანოთ ზუსტი ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ რა წესებს უნდა დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქე, როგორ
უნდა წავიდეს ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში და რისი უფლება
აქვს იქ მას. უვიზო მიმოსვლა არამც და არამც არ გულისხმობს სამუშაო
ვიზას, ეს არის მხოლოდ 180 დღის განმავლობაში 90 სამუშაო დღე.
ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ისინი იმ პრობლემების შესახებ,
რაც შესაძლოა დარღვევის შემთხვევაში შეექმნათ.“- განაცხადა
ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის
შესახებ საზოგადოების სამსახურის უფროსმა მარიამ დოლიძემ.
აუდიტორიას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მკვლევარი
გიორგი გობრონიძეც ესაუბრა.
-„გვინდა, საზოგადოებას გავაცნოთ, როგორც ვიზალიბერალიზაციის შესახებ
არსებული წესები და სტანდარტები, ასევე ვესაუბროთ იმ რისკების
შესახებ, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოჰყვება. მოცემული
რისკების გაჩენა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთია
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ
საქართველო ევროკავშირში ბევრმა სახელმწიფომ სცნო ე.წ უსაფრთხო
სახელმწიფოდ. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოდან გასულ
მოქალაქეებს არ მიიჩნევენ იმ კატეგორიის ადამიანებად, რომელთაც
საკუთარ ქვეყანაში რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებათ. შესაბამისად,
თავშესფარის მიცემის შესახებ განხილვამ დაიწია რამდენიმე დღის ვადაში.
ადამიანები თვეობით აღარ ცხოვრობენ დევნილთა თავშესაფრებში,
გამანაწილებელ პუნქტებში.
ხშირი იყო პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეები მიდიოდნენ, იქ ცხოვრობდნენ
სანამ მათი საქმის განხილვა მიმდიანარეობდა, იყვენ ამა თუ იმ
სახელწიფოს კმაყოფაზე. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილების მიღების ვადა
მოახლოვდებოდა, ტოვებდნენ თავშესაფარს და სხვა სახელმწიფოში
გადადიოდნენ. ამჟამად ამის განხორციელება რთული იქნება, რადგან
საქართველომ ბევრ ქვეყანაში მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. პასუხები
რამდენიმე დღეში არსებობს, შესაბამისად ბევრი ადამიანი ბრუნდება უკან.
97% შემთხვევებისა არის უარყოფილი. მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება
ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყოს, რადგან მათ ხშირ
შემთხვევაში ცრუ მოლოდინები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ წავლენ და
ადვილად მიიღებენ თავშესაფარს. არადა შესაძლებელია პირიქით მოხდეს და
მათ ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა,
ასევე დაეკისროთ ფინანსური სანქციები.“- აღნიშნა საია-ს მკვლევარმა
გიორგი გობრონიძემ.
თუკი საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევენ,
ფულადი ჯარიმა 3 000 ევროდან 5000 ევრომდე მერყეობს.
მასალის გამოყენების პირობები