„ყოველ წუთს შიში მაქვს რომ ჩამოინგრევა და ქვეშ მოვყვები“ - ცხოვრება ავარიულ სახლში [photo]
გურჯაანი, აღმაშენებლის ჩიხი... სწორედ ამ მეწყერულ ზონაში მდებარეობს
ავარიული სახლი, სადაც 55 წლის თამაზ ჩაფიძე უკვე ათი წელია ცხოვრობს.
სახლიდან მხოლოდ ერთი ოთახიღაა დარჩენილი, ისიც ნებისმიერ წუთს
შეიძლება დაინგრას. ყოველღამე შიშით იძინებს, მაგრამ სხვაგან
წასასვლელი არ აქვს. როგორც ის ამბობს, საკუთარი ხარჯით არც სახლის
შერემონტება შეუძლია და არც ახლის აშენება.
გასულ წელს დახმარებისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართა და
ცენტრალურ ხელისუფლებასაც, თუმცა უშედეგოდ.
„შარშან გამგეობაში შევიტანე განცხადება. მითხრეს, თბილისში
გადავაგზავნით და იქ გადაწყვეტენ რა უნდა გაკეთდესო. სამინისტროდან
მოვიდნენ და სახლი შეამოწმეს. დასკვნა დადეს, რომ ეს მეწყერული ზონაა
და აქ ცხოვრება არ შეიძლება. მათ არ ვემდური, თავისი საქმე გააკეთეს
და წავიდნენ. ერთი ოთახი შარშან ზაფხულში ჩამოინგრა, ღვთის წყალობით,
გადავრჩი. დახმარება არავინ გამიწია და მას შემდეგ გამგეობისთვის
აღარც მიმიკითხებია. ღმერთს მივანდე ჩემი ბედი. ყოველწუთს შიში მაქვს
რომ ჩამოინგრევა და ქვეშ მოვყვები.“
თამაზ ჩაფიძემ დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას დღეს
კიდევ ერთხელ მიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა
არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, მას ქირით გაყვანა შესთავაზეს.
„იმდენად ცუდი მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს, რომ იმ ბინაში ცხოვრება
შეუძლებელია. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში ქირით გავიყვანთ და ეს
უახლოესი პერიოდი იქნება რამდენიმე დღე. მან უნდა მოძებნოს ბინა, არ
აქვს მნიშვნელობა ქალაქი იქნება თუ სოფელი და ჩვენ კანონმდებლობის
თანახმად, შეგვიძლია გადავუხადოთ თვეში ასი ლარი.“
არჩილ ხანდამაშვილი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მომავალში მოხდება
თუ არა ბინის აღდგენა. თუმცა ქირის გადახდა მანამდე გაგრძელდება სანამ
სხვა გამოსავალს იპოვიან.
მასალის გამოყენების პირობები