გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერად დახმარებას წელსაც გასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური პაკეტის განხილვამ
ხმაური გამოიწვია. ოპოზიციამ მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების
გაცემის საკითხი გააპროტესტა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი
მაინც დაუჭირა.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის განმარტებით, ბიუროზე
სულ სამი ვარიანტი იყო წარდგენილი.
„ერთი ვარიანტი იყო, რომ ოჯახზე ერთჯერადად მომატებული, 100 ლარი
გაგვეცა, მეორე - ეს თანხა სამედიცინო მომსახურეობაში გადაგვეტანა,
მესამე - ჩვეულებრივ 50 ლარი დაგვეტოვა. ხმათა უმრავლესობით ძველი
ვარიანტი დარჩა. “
ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
თავმჯდომარის ვალერი ბარნაბიშვილის თქმით, მათი ინიციატივა იყო 50
ლარი ოპერაციისა და მედიკამენტების თანადაფინანსებაში გადასულიყო.
„ოპერაციების თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 500 ლარია და
გვინდოდა ათას ლარამდე გაზრდილიყო. სამწუხაროდ, უმრავლესობამ ამ
ინიციატივაზე უარი თქვა. მანკიერ მხარეზე უარი ვერა თქვა მმართველმა
გუნდმა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხებს საკმაოდ კარგად იყენებს
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავიანთი პარტიული ინტერესებისთვის.
თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა და ამ ხნის
მანძილზე მმართველი გუნდიდან, მხოლოდ და მხოლოდ ხელფასებისა და
შტატების მატება ხდება. გაჭირვებული ხალხის ბედი მათ საერთოდ არ
აინტერესებთ. ამას დღევანდელი გადაწყვეტილებაც მოწმობს.“
შეგახსენებთ, რომ ერთჯერადი დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ
ბენეფიციარებს, რომელთა ქულაც სოციალური მომსახურების სააგენტოს
მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 ათასიდან 100 ათასი ქულის ჩათვლით
განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები