გურჯაანის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი მერს არჩილ ხანდამაშვილს ზეწოლასა
და კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, ხანდამაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადების
დაწერა სამჯერ მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, უსაფუძვლო
ბრალდებით დისციპლინური წარმოება დაიწყო.
-"ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით
დისციპლინური წარმოებები დაიწყო. ერთი მიზეზი არის ის, რომ 14
თებერვალს ავედი საკრებულოში სამსახურებრივ საქმეზე. ამ დროს გამოიარა
აუდიტის სამსახურმა და ოთახში არ დავხვდი. მათ ჩათვალეს, რომ
სამსახურში არ ვიყავი. არადა, სამსახურის საქმეს რომ ვასრულებდი, ამას
საკრებულოს თანამშრომლებიც დაადასტურებენ. მერი მუდმივად იგნორს
მიკეთებს, არ მეკონტაქტება, არც ჩვენი, პრესსამსახურის გადაღებული
ფოტო უნდა. ამას წინათ მოვაჭრეებთან ჰქონდა შეხვედრა და გადასაღებად
რომ მივედი, არ შემიშვა. ჩემს მოვალეობას პირნათლად
ვასრულებ, მაგრამ არჩილ ხანდამაშვილი მაძალებს დავწერო
განცხადება."
გურჯაანის მერი ბრალდებებს უარჰყოფს და ამბობს, რომ აუდიტის
სამსახურის დასკვნას ელოდება.
„სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმები ზვიად ბიაშვილს, ის არ არის ჩემთვის
მიუღებელი პიროვნება. მინდა გითხრათ, რომ ზვიად ბიაშვილს საყვედური კი
არა, გაფრთხილებაც არ მიუღია დღემდე. კანონს არ დავარღვევ და არ
ჩავერევი აუდიტის სამსახურის საქმიანობაში. წინასაარჩევნოდ
მოსახლეობას დავპირდი, რომ გურჯაანის მერია იქნებოდა ოპერატიული,
მოსახლეობისთვის ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, ყველა
თანამშრომელს ვთხოვე, მოეცა საშუალება კონკურსის წესით ამერჩია
კომპეტენტური ადამიანები. მათ შორის იყო ზვიად ბიაშვილიც. ამის შემდეგ
ზეწოლა, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
კანონს არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ, არა მარტო ბიაშვილის,
არამედ არცერთი საჯარო პირის მიმართ. დაკვირვების შედეგი მაძლევს იმის
საფუძველს, რომ მერიის პრესსამსახური ვერ მუშაობს იმ დონეზე, როგორც
უნდა მუშაობდეს, ვგულისხმობ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფეისბუქს და
ვებგვერდს."
აღნიშნული საკითხით უკვე დაინტერესდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
ზვიად ბიაშვილი აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს. თუკი
დისციპლინური წარმოების შემდეგ
საყვედურს გამოუცხადებენ, ის სამართლებრივ დავას დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები