რა თანხას ხარჯავენ კახეთის მუნიციპალიტეტები უმწეოთა უფასო სადილისთვის
მას შემდეგ, რაც გურჯაანში, ა.ა.ი.პ "თანადგომას“, რომელიც უმწეოთა
კვებას უზრუნველჰყოფს, სახელფასო ფონდი გაეზარდა და ამან ოპოზიციის
პროტესტი გამოიწვია, speqtri.ge დაინტერესდა, რა თანხა იხარჯება სხვა
მუნიციპალიტეტებში უმწეოთა კვებისა და ა.ა.ი.პ.-ებში დასაქმებულთა
შრომის ანაზღაურებისთვის.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები თანხა - 1 ლარი 20 თეთრი ერთ
ბენეფიციარზე თელავში, ხოლო ყველაზე მაღალი დედოფლისწყაროში - 2
ლარი 07 თეთრია გათვალისწინებული.
გურჯააანში, უმწეოთა კვებას ა.ა.ი.პ
(არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი) „თანადგომა“
ახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სუბსიდია
170 000 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 112 630 ლარი კვებაზე,
ხოლო 43 370 ლარი ა.ა.ი.პ.-ში დასაქმებულთა ხელფასებზე უნდა
დახარჯულიყო. „თანადგომამ“ დაფინანსების გაზრდა 44 000 ლარით
მოითხოვა. მიმიდინარე კვირას აღნიშნული საკითხის განხილვამ საკრებულოს
სესიაზე ხმაური გამოიწვია, საბოლოოდ დაფინანსება აღნიშნულ
ორგანიზაციას 25 000 ლარით გაეზარდა, რომელიც მთლიანად ხელფასებისთვის
დაიხარჯება. გურჯაანში უფასო სადილით სულ 200 ბენეფიციარი სარგებლობს,
დღეში მათთვის 1 ლარი 46 თეთრია გათვალისწინებული.
ახმეტაში ბენეფიციარები უფასო სადილის მისაღებად
ა.ა.ი.პ „სოციალურ სახლს“ სტუმრობენ, რომლის სუბსიდიაც ახმეტის
მუნიციპალიტეტის მერიიდან 218 000 ლარს შედაგენს. ამ თანხიდან, 136
000 ლარი კვებისთვის იხარჯება, დანარჩენი კი ა.ა.ი.პ.-ში დასაქმებულთა
ხელფასებზე ნაწილდება. ერთი ბენეფიციარისთვის დღეში 1 ლარი და 35
თეთრია გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტში ამ დახმარებით სულ 170
ბენეფიციარი სარგებლობს.
თელავში უფასო კვებისთვის 2018 წელს ა.ა.ი.პ
„უმწეოთა და უპოვართა სამსახურს“ 250 000 ლარი გამოეყო, საიდანაც 69
120 ლარი ხელფასებს მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი კვებისთვის
დაიხარჯება. მუნიციპალიტეტში სულ 380 ბენეფიციარია და თითოეულისთვის
დღეში საშუალოდ 1 ლარი 20 თეთრი იხარჯება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული
მომსახურების შესაძენად ტენდერი 90 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში
შპს „თარი 08“ - მ გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში უფასო სადილს სულ 130
ბენეფიციარი იღებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ა.
ა. ი. პ. „სათნოების სახლს“ სუბსიდიის სახით უმწეოთა კვებისთვის 110
268 ლარი ჩაურიცხა, აქედან, 52 800 სახელფასო ფონდზე გადანაწილდა.
მუნიციპალიტეტში სულ 230 ბენეფიციარია და თითოეულზე 1 ლარი და 33
თეთრი იხარჯება.
დედოფლისწყაროში უმწეოთა კვებას ა.ა.ი.პ „სათნოების
სახლი“ უზრუნველჰყოფს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს
სუბსიდიის სახით 204 563 ლარი გამოუყო, აქედან ხელფასისთვის 55 020
ლარია გათვალისწინებული, ხოლო კვებისთვის 149 543 ლარი. ამ დახმარებით
სულ 230 ბენეფიციარი სარგებლობს და თითოეულისთვის დღეში 2 ლარი 07
თეთრია გათვალისწინებული.
რაც შეეხება სიღნაღს, მერიამ მომსახურების შესაძენად
ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ინდ. მეწარმე ბესიკ დოხნაძემ გაიმარჯვა.
უფასო კვებისთვის 2018 წელს სულ 116 632 ლარია გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტში 184 ბენეფიციარია და თითოეულის კვებისთვის 1 ლარი და
30 თეთრი იხარჯება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის
ბიუჯეტში უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი 230 მოქალაქისთვის,
120 000 ლარი გაითვალისწინა.
რა თანხა იხარჯება ერთი ბენეფიციარის კვებაზე, სუბსიდიას ა.ა.ი.პ - ს
ურიცხავენ, თუ მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით ხდება - ამ
საკითხებზე speqtri.ge საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებულს ნათელა სეფაშვილს დაუკავშირდა. თუმცა მან
ინფორმაცია არ მოგვაწოდა და ოფიციალური მიმართვის გადაგზავნა
მოგვთხოვა. განმარტა, რომ ტელეფონის საშუალებით იმ შემთხვევაში
„შეიწუხებდა თავს“ და გვიპასუხებდა, თუ მერი დაავალებდა. როსტომ
სესიაშვილი კი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები