წვევამდელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურებისთვის
ანაზღაურებას აღარ მისცემენ. კანონში ცვლილებას ხელი საქართველოს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.
„ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა.
მართალია, აქამდე წვევამდელებს მცირე, მაგრამ მაინც ანაზღაურების
საფასურად შეეძლოთ ემსახურათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია,
კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი აყვანა ამ სამსახურში. ჩვენ, რა თქმა
უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით და ვიფიქრობთ, რომ ფინანსური
მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე
არ მოხდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო
მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.
გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გაწვევის რეფორმაც იგეგმება. კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,
ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს.
“ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ
რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური
ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო
მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე
გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ
დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის
კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული
დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს.
გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ.
შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა
ჩატარდეს”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები