გურჯაანის მოსახლეობა ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაზრდილ გადასახადს
აპროტესტებს. როგორც ისინი ამბობენ, წინა თვეებთან შედარებით,
მიმდინარე თვეში გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ.
მათი თქმით, ეს არარეალურია რადგან გაზს იგივე რაოდენობით მოიხმარენ.
როგორც სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა მარიამ მაზმიშვილმა გვითხრა,
უკვე მეორე წელია, რაც სახლს გაზის გამათბობლით ათბობს, მაგრამ ამ
რაოდენობის თანხა ჯერ არ გადაუხდია.
„დეკემბერში ბუნებრივ აირზე თითქმის გაორმაგებული გადასახადი მოვიდა.
გასულ თვეში თუ 90 ლარი იყო, ეხლა 150 ლარი დაგვერიცხა. ისედაც ცუდ
დღეშია ხალხი ჩავარდნილი და ესეც დაგვემატა. ამ თანხას რანაირად
გადავიხდი, არ ვიცი. ასე თუ გაგრძელდა, ისევ შეშით გავთბებით, ამ
თანხაში ორ პირს ვიყიდი და ერთ თვეზე მეტი მეყოფა.“
მოსახლეობა გაზრდილი გადასახადის გარდა იმაზეც საუბრობს, რომ გაზი
უხარისხოა და დაბალი წნევით მიეწოდებათ.
„გარდა აიმისა, რომ გაზრდილი გადასახადი მოვიდა, თვითონ ბუნებრივი
აირიც უხარისხოა. სხვა დროს თუ ოთახი კარგად თბებოდა, ეხლა
გამათბობელთანაც რომ ვზივართ, მაინც გვცივა. კიდევ კარგი ამ წელს
ისეთი ყინვა არ არის, როგორიც შარშან იყო, თორე რა გვეშველებოდა, არ
ვიცი. თუ ასე გაგრძელდა, ისევ შეშით გათბობა მოგვიწევს.“-აღნიშნა
ჩვენთან საუბარში ტარიელ გელაშვილმა.
სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მიხეილ
სამხარაულის თქმით, ტარიფი ექვსი თვის წინ შეიცვალა.
„100 კუბური მეტრი რაც ღირდა ოქტომბერსა და ნოემბერში, იგივე დარჩა
დეკემბერშიც. ტარიფი ექვსი თვის წინ შეიცვალა და 45 თეთრის ნაცვლად
გახდა 57 თეთრი. ცივი ამინდები იყო და შეიძლება მოსახლეობამ
დეკემბერში მეტი რაოდენობით მოიხმარა ბუნებრივი აირი. ამ პრობლემის
შესახებ ოფისში ჩვენც გვაკითხავენ. ყველა შემთხვევას ცალ-ცალკე
განვიხილავთ და ამომწურავ პასუხს გავცემთ. ყველაფერი იქნება
გამჭვირვალე, გამორიცხულია კომპანიამ , ზედმეტი თუნდაც ერთი თეთრი
დაარიცხოთ. ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს სერვისცენტრი. ამიტომ
მოქალაქემ, რომელსაც ეჭვი ეპარება დარიცხულ თანხაზე, უნდა მიმართოს
მათ. გურჯაანში სწორად ახლა გვყავს ასეთი აბონენტი, რომელსაც
მრიცხველის ვარგისიანობაში ეპარებოდა ეჭვი. მოვხსენით მრიცხველი
აბონენტთან ერთად, დავლუქეთ და სამხარაულის ექსპერტიზაზე გავაგზავნით.
პასუხი დაახლოებით ორ კვირაში იქნება. თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი
ნორმალურად არის, მაშინ ამ ხარჯებს აბონენტი გადაიხდის. თუ მრიცხველი
არასწორად მუშაობს, მაშინ მივიღებთ ზომებს და ხარჯებსაც დავფარავთ. არ
მგონია სხვა რომელიმე კომპანია ხალხს ჩვენნაირად ემსახურებოდეს.“
რაც შეეხება დაბალ წნევას, მიხეილ სამხარაულის თქმით, ამის შესახებაც
მოსახლეობამ ადგილობრივ სერვის ცენტრს უნდა მიმართოს ან დარეკოს ცხელ
ხაზზე. კონკრეტული ქუჩის დასახელების შემთხვევაში თანამშრომლები
ადგილზე გავლენ და პრობლემას მოაგვარებენ.
მასალის გამოყენების პირობები