საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2018 წლის საშობაო ეპისტოლე
გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 2018 წლის საშობაო ეპისტოლეს.

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

"ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).

ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსაბმა რომ გაიგონეს: ,,…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…” (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14).

ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს.

რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!

პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული

დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა.

ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება.

დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითად გახდა დაცემულთა წამოდგომისა.

თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად.

ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.

****

ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად.

ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ … და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი ,,მე”-ს გამოძერწვისა.

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს ,,მე”-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.

წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ.

რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” (მთ.22, 37-39), ანდა ,,ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მთ. 7,12).

მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა.

ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.

წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ.

ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს.

რა არის და რას ნიშნავს ეკლესია?

ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია.

პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს.

ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება.

ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.

I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი.

I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, - დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა.

მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~ (მთ. 1,16), - ბრძანებს უფალი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის.

ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია.

ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება.

ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, - მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.

ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!

ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ.

ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს.

წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით.

მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის.

"მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ” (რომ.5,17), - ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან ,,უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ” (II ტიმ. 2,12).

ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და და უმჯობესის გამორჩევის უნარი…

როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.

მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.

მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს.

ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.

ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.

დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, "განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა" (იოანე თესალონიკელი).

ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.