სოფელ ანაგაში გზის მოასფალტების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გეგმავენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრებლები გზის
მოასფალტებას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე ონლაინ განცხადება უკვე
დარეგისტრირდა და ახლა ხელმოწერები გროვდება.
წერილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც გადაეგზავნება.
„ეს გზა ოდითგანვე ასე იყო. დაბალი გამავლობის მანქანები ვერ
მოძრაობს. ნახევარი სოფელი ფერდობზეა შეფენილი. რაც ყველაზე უარესია,
სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს.
ავადმყოფს საკაცით დაატარებენ. ამ გზაზე მდებარეობს სასაფლაო,
საბავშვო ბაღი და მამათა მონასტერი, სადაც უამრავი მომლოცველი დადის.
სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გზა ესაა.
ახლაგაზრდები ვგეგმავთ სოფლის ცენტრში გავმართოთ საპროტესტო აქცია და
ასე მივიქციოთ ყურადღება. ხელმოწრები გროვდება როგორც სოფელში, ასევე
ელექტრონულადაც. ჩვენი მთავარი მიზანია 2018 წელს მოხდეს ამ გზის
მოასფლატება და სანიაღვრე არხების მოწყობა. ყოველ წელს გვპირდებიან,
რომ აღნიშნულ საკითხს მიხედავენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება.“-
ამბობს სოფელ ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი.
როგორც speqtri.ge-სთან სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა აღნიშნა,
სოფელ ანაგაში გზის პრობლემის მოგავრება 2018 წლისთვის არის
დაგეგმილი.
-„ მხოლოდ ანაგა კი არა, სადაც გზა დაზიანებულია, მაქსიმალურად
ვეცდებით გავაკეთოთ. თუ რეგიონული ფონდიდან დაფინანსდა სამუშაოები ხომ
კარგი, თუ არა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავითვალისწინებთ თანხას.
ყველაფერს ვიღონებთ რომ სოფელ ანაგაში გზის პრობლემა 2018 წლისთვის
გადავჭრათ.“
სოფელ ანაგაში მცხოვრები ახალგაზრდები კი მომავალ კვირას აღნიშნულ
საკითხზე მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შევხედრას
გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები