ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კვირეულს თელავიც შეუერთდა
"დაინახე, განაცხადე, შეაჩერე!“- საქართველოს პროკურატურის
ორგანიზებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კვირეულს
ქალაქი თელავიც შეუერთდა.
-„25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროკურატურის ორგანიზებით კი ეს კვირა
დაზარალებულთა კვირეულად გამოცხადდა. ღონისძიებები საქართველოს
მასშტაბით 7 ქალაქში ტარდება, მათ შორისაა თელავი. მოვაწყეთ
საინფორმაციო ხასითის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და
სტუდენტებთან, ვესაუბრეთ მოსახლეობასაც. საზოგადოებას მივაწოდეთ
ინფორმაცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
დაზარალებულის უფლების შესახებ, ვიმსჯელეთ ოჯახში ძალადობისა და ახალი
დანაშაულის- ადევნების თაობაზე. ვაჩვენეთ ვიდეორგოლები, ბროშურები და
სამაჯურები დავარიგეთ თელავის იუსტიციის სახლში. “- აღნიშნა
speqtri.ge-სთან თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე მაია
გუგეშაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კვირეულის დასასრულს რეგიონულ დონეზე შექმნილი
ადგილობრივი საბჭოს სხდომა მოეწყობა.
„საბჭოს შემადგენლობაში შედიან კახეთში მომუშავე როგორც სამთავრობო,
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ საბჭოს
მიზანია რეგიონში არსებული კრიმინოლოგიური მდგომარეობის შესწავლა,
განხილვა, ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. “
როგორც პროკურორის მოადგილე ამბობს, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი
ორგანოების მიმართ ნდობა გაიზარდა, რის გამოც მოქალაქეების მხრიდან
დანაშაულზე მიმართვიანობამ იმატა.
„-ადრე მოსახლეობა ნაკლებად მოგვმართავდა და ძალადობის ფაქტებს არ
აფიქსირებდა, სამართალადამცავ ორგანოებს არ აყენებდნენ საქმის კურსში.
მოსახლეობაში გაცილებთ გაზრდილია სამოქალაქო და სამართალშეგნება.
ოჯახში ძალადობა აღარ აღიქმება როგორც ერთი პირის პრობლემა. თუმცა, რა
თქმა უნდა, ამ კუთხით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. სტატისტიკამ კი
მოიმატა, მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამართალდამცავი
ორგანოების მიმართ ნდობა გაიზარდა. “
კვირეულის ფარგლებში ხვალ თელავში, ნადიკვრის პარკში ხეებს დარგავენ.
აქციაში სტუდენტები და მოსწავლეები ჩაერთვებიან.
მასალის გამოყენების პირობები