ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობა
მოუწესრიგებელია და ავარიებიც ხშირად ხდება. ამის შესახებ
ადგილობრივები საუბრობენ და შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ.
მათივე თქმით, ყველაზე გადატვირთული მონაკვეთი ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაა. გურჯაანელები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ უკვე
წლებია ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას, მაგრამ მის მოგვარებაზე
არავინ ზრუნავს.
„აქ ყოველთვის გაურკვეველი სიტუაციაა. ვინ საიდან მოდის, ვერ გაიგებ.
ერთმანეთისთვის გზის დათმობა არავის უნდა. ამიტომ ავარიები ძალიან
ხშირია. თუ რაღაც ფორმით ეს საკითხი არ მოგვარდა, მუდმივად ასეთი
ქაოსური სიტუაცია იქნება, არ არის გამორიცხული, მსხვერპლიც
მოჰყვეს,“-აღნიშნა თეიმურაზ ბეგაშვილმა.
კიდევ ერთი სახიფათო მონაკვეთი, რომელზეც მძღოლები საუბრობენ,
საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაა.
„ძალიან საშიში მონაკვეთია. მძღოლები თვითნებურად არეგულირებენ
მოძრაობას. ამიტომ ხშირია ავარიები. ზემოთ სკოლაა და ბევრი მანქანა
ირევა. აუცილებელია შუქნიშნის დაყენება.“- ამბობს გიორგი
კაციაშვილი.
speqtri.ge დაინტერესდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რას გეგმები
აქვს გურჯაანის ახლად არჩეულ მერს. ამ საკითხზე კომენტარი
მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადეობასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა გააკეთა.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ
წინა წლებშიც მთელი რიგი ზომები მიიღო, რომ ქალაქში საგზაო მოძრაობა
მოწესრიგებული ყოფილიყო. დაიხაზა ქუჩები, დაიდგა საგზაო ნიშნები და
ა.შ. შუქნიშნის საკითხი ადრეც აქტუალური იყო და ეხლაც. პრობლემური
ადგილები, სადაც მოსახლეობა მათ დადგმას ითხოვს, ცენტრალურ
მაგისტრალზეა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს და უახლოეს მომავალში
გახდება ცნობილი, რა გადაწყდება ამ კუთხით.“
შეგახსენებთ, რომ speqtri.ge-მ ამ საკითხზე სტატია გასულ წელს, წინა
ხელისუფლების დროსაც მოამზადა. მაშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში განაცხადეს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან
მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობდა. თუმცა როგორც აღნიშნული უწყების
პრესსამსახურში გვითხრეს, ამ თემასთან დაკავშირებთ
არანაირ ინფომაციას არ ფლობენ.
მასალის გამოყენების პირობები