ქარტია- მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში, გაბრიელ სალოსის
წუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები
ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ
გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის
განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც
სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.
-"სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება
დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები,
რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და
ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან
მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ
სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც
მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის
ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა
კომენტარების შერჩევისას."-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის გაშუქებისას
მედიამ, ერთის მხრივ, არ უნდა მიანიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა
მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორეს
მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია
მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს
ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტო
კადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას თვითმხილველი მოქალაქეები
ავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები