რას მოიცავს მიწის რეგისტრაციის რეფორმა- ინტერვიუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველ აგვისტოს
დაიწყო და 19 ნოემბრის დილის მონაცემებით დაახლეობით 307 000-ზე მეტი
საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აღნიშნული ციფრი კი ყოველდღე
მატულობს.
აღნიშნული რეფორმა ჯერ საქართველოს მთავრობამ მოიწონა, შემდეგ კი
პარლამენტმა კანონის სახით დაამტკიცა.
ვის ეხება რეფორმა, როგორია მოქალაქეების ჩართულობა და რას აფინანსებს
სახელმწიფო - ამ და სხვა საკითხებზე speqtri.ge-ს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ესაუბრა.
-ბატონო პაპუნა, რა იყო ამ რეფორმის მიზანი?
- ამ რეფორმის მიზანი იყო მაქსიმალურად გაგვეზარდა რეგისტრირებული
სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობა, ვიანიდან იმ
პერიოდისთვის მხოლოდ 25-30% იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში. მიზნის მისაღწევად შევეცადეთ მოქალაქეებისთვის
მოგვეხსნა ყველა ბიუროკრატიული, ფინანსური და სამართლებრივი
ბარიერები, წაგვეხალისებინა რეგისტრაციის პროცესი. გავხდით პროაქტიული
სააგენტო და ერთი სარკმლის პრინციპით დავიწყეთ მუშაობა. საჭიროა,
მხოლოდ მოქალაქის მხრიდან მომართვა, ამის შემდეგ ჩვენი სააგენტო
როგორც მოქალაქის ადვოკატი, იწყებს ყველა იმ პროცედურას, რომელსაც
ადმინისტრაციული წარმოება ითვალისწინებს. ჩვენ მივმართავთ
მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ არქივს, შემოსავლების სამსახურს, იმისთვის,
რომ მოვიპოვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დავარეგისტრიროთ მოქალაქის
საკუთრების უფლება.
-როგორია მოქალაქეების ჩართულობა და რამდენად წარმატებულად
მიმდინარეობს რეფორმა?
-ციფრები ალბათ ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია იმის შესაფასებლად, თუ
რამდენად კარგად დაიგეგმა რეფორმა და როგორ მიმდინარეობს. საჯარო
რეესტრისადმი მიმართვიანობა დაახლეობთ 5-ჯერ არის გაზრდილი. თუ მიწის
რეგისტრაციის მოთხოვნით, ყოველდღურად 500 მოქალაქე მოგვმართავდა,
დღეისათვის ეს ციფრი 2700-3000-ს შეადგენს. დადებითი
გადაწყვეტილებებიც 300-400%-ით არის გაზრდილი. მანამდე თუ
ყოველდღიურად 400 განაცხადი რეგისტრირდებოდა, დღეს ეს
რიცხვი1300-1400-ია.
წელიწადსა და ორ თვეში 307 000 რეგისტრირებული უფლება, ვფიქრობ,
შთამბეჭდავი მონაცემია და ეს ციფრი თავისთავად ლაპარაკობს რეფორმის
წარმატებულობაზე.
-როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში ყველა სერვისს
აფინანსებს სახელმწიფო, ეხება თუ არა ეს მიწის აზომვით
ნახაზებსაც?
-როდესაც რეფორმას ვიწყებდით, გავაანალიზეთ პრობლემები და ისე
წარვმართეთ საქმიანობა. აზომვითი ნახაზები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ბარიერი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. დაახლოებით 300-500 ლარის
გადახდა დიდ ტვირთად იქცა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, უარს
ამბობდნენ რეგისტრაციაზე. სახელმწიფომ გადაწყვიტა, განეხორციელებინა
სუბსიდირება. ამზომველები კერძო სექტორს წარმოადგენენ.
თუკი მოქალაქე ხელს მოაწერს მორიგების აქტს, ანუ სამართლებრივ
დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც საკუთრების უფლება დარეგისტრირდება საჯარო
რეესტრში, აზომვითი ნახაზების საფასური ანაზღაურდება სახელმწიფოს
მიერ. მოქალაქე კერძო ამზომველთან აფორმებს მორიგების ფორმას, რომელიც
ეკონომიკის სამინისტროში გადაიგზავნება, შემდეგ კი საფასური
ანაზღაურდება. დღეისათვის დაფინანსებული 167 000-ზე მეტი ნახაზია.
-საქართველოს მასშტაბით 12 სოფელში მიწის სისტემური
რეგისტრაციის საპილოტე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა კახეთის
მასთაბით ოთხი სოფელი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რას გულისხმობს
მიწის სისტემური რეგისტრაცია და რით განსხვავდება ის ზემოთ აღნიშული
რეფორმისგან?
-რეფორმის მეორე მიმართულებაა სისტემური რეგისტრაცია. ამ დროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით გარკვეულ არეალში
აღრიცხავს, აზომავს, მოამზადებს დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს
საკუთრების უფლებას, როგორც კერძო მესაკუთრეებისთვის, ასევე
სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტისთვის.
სოფელ ჯიმითსა და მზისგულში ჩვენივე ძალებითა და მსოფლიო ბანკის
მხარდაჭერით უკვე დავასრულეთ საველე სამუშაოები. საჯარო ადგილას
გამოკრულია ეს შედეგი იმისთვის, რომ მოქალაქეები თავად გაეცნონ
რამდენად სწორია ის სურათი, რომელიც ჩვენმა სააგენტომ გააკეთა.
როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორეა, ამის შემდეგ
მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ველოდებით, რომ ახალ წლამდე
მზისგულსა და ჯიმითში ყველა საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული
იქნება. ამის მერე გადავალთ არხილოსკალოსა და არბოშიკში, სადაც სამ
თვეში მივიღებთ შედეგს. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელმაც უნდა
მოგვცეს სურათი, რამდენად სწორეა ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია.
P.S. ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018
წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ
საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ
ცენტრებს.
მასალის გამოყენების პირობები