speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით-
„გია გერგიძის სამწლიანი მმართველობა- მოსახლეობისა
და ოპოზიციის შეფასებები“,- გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გამოეხმაურა და საპასუხო კომენტარი გააკეთა.
ამის შესაძლებლობა მას სტატიის მომზადების პროცესშივე ჰქონდა, თუმცა
მაშინ ჩვენთვის ვერ მოიცალა.
როგორც გერგიძე ამბობს, მისი მმართველობის სამწლიან პერიოდში ბევრი
ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რითიც კმაყოფილია.
“ვთვლი, რომ მე და ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველა სოფელში
ინფრასტრუქტურული პროექტები უკეთესეობისკენ წავიყვანეთ,
წყალმომარაგებაც გამოვასწორეთ და გზებიც. თუ ვინმეს გაკეთებული საქმე
აინტერესებს, შეუძლია შევიდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ვებ-გვერდზე და იქ ნახავს ინფორმაციას. მხოლოდ შენიშვნებს გამოთქვამს
ოპოზიცია, ბუწაშვილები, ბარნაბიშვილები და სხვები, არ იციან, რომ
ბიუჯეტის სეკვესტრს გერგიძე ვერ გააკეთებს. რაღაცეებში თუ ვერ
ერკვევიან, კარგად გაეცნონ და მე ნუ მაბრალებენ ყველაფერს. ნახონ რა
გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რა გაკეთდა ახლა. თუ ვინმეს
ჩემთან რამე პრეტენზია აქვს, შეუძლია მოვიდეს და პირადად მითხრას.
გამგებელი არ არის ვალდებული, არც უფლებამოსილი და არც კომპეტენტური,
რომ ან პენსია გაზარდოს და ან სოციალური დახმარება. ასეთ
გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს. გამგებელი უშუალოდ აგვარებს
მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ახორციელებს
იმ სოციალურ პროგრამას, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ისიც მინდა
აღვნიშნო, რომ მოსაგვარებელიც კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ ცხოვრება
წინ მიდის, ხვალ და ზეგ უკეთესი იქნება.“
გია გერგიძემ ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც მისი
მმართველობის პერიოდში ნეპოტიზმსა და ა.ა.ი.პ.-ებში „გაბერილ შტატებს“
ეხებოდა.
„ააიპებში დასაქმებულთა რიცხვი ჩემი მოსვლის შემდეგ არ გაზრდილა.
საერთოდაც, ეს ორგანზაციები მათ დროს შეიქმნა. ძალიან ძნელია ასე უცებ
შტატების შემცირება და ხალხისს გაყრა სამსახურიდან იმ სოციალურ ფონზე,
რაც დღეს საქართველოშია. 60-80% ისევ „ნაციოანლების“ დროს
დასაქმებულები მუშაობენ. თუ რაღაც გარკვეული რაოდენობა შეიცვალა
ცოდნისა და პროფესიონალიზმის მიხედვით, ეს სადავო არ არის. რაც
შეეხება, ბრალდებას ნეპოტიზმთან დაკავშირებით, გურჯაანი პატარა
ქალაქია. 40 -მდე საბაშვო ბაღია, რომელიღაც მენეჯერი შეიძლება ვიღაც
თანამდებობის პირის ცოლი იყოს, ან ბიძაშვილი. ამერიკა და რუსეთი არ
არის, ეს პატარა ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას
ნათესავია. ოპოზიციის ბრალდებები თითიდან გამოწოვილი თემაა.“
რატომ არ გამოუცხადა მმართველმა პარტიამ ნდობა ხელმეორედ გია გერგიძეს
და რატომ არ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად?- ამ
კითხვაზე გია გერგიძეს შემდეგი პასუხი აქვს-
„ალბათ იმიტომ, რომ ახალაგაზრდებს უფრო მეტი ენერგია აქვთ. აჩიკო
(გურჯაანის ახლადარჩეული მერი) ჩემზე ბევრად უფრო პატარაა. ვფქრობ, ამ
სამ წელიწადში რაც შემეძლო, მაქსიმალურად გავაკეთე. ეს პერიოდი ჩემს
ქალაქსა და სამშობლოს მივუძღვენი, 60 წელს გადავცილდი, ჯობია
დავუბრუნდე ჩემს ბიზნესს და იქიდან ვემსახურო ხალხს.“-ამბობს ის.
ცნობისთვის, გია გერგიძეს უფლებამოსილების ვადა 12 ნოემბერს ეწურება.
გურჯაანის ახლადარჩეული მერი არჩილ ხანდამაშვილი მუშაობას ორშაბათიდან
შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები