31 ქალი და 226 კაცი - გენდერული დისბალანსი კახეთის საკრებულოებში
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა და საკრებულოები უკვე
დაკომპლექტდა.
ბოლო მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში -39,
საგარეჯოში-37, თელავში-35, ლაგოდეხში-32, ახმეტაში-31, სიღნაღში-29,
დედოფლისწყაროში-28 და ყვარელში-27 დეპუტატი იქნება.
შედეგების მიხედვით, კახეთის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობით ორგანოებში, ჯამში 31 ქალია. აქედან, ახმეტაში,
საგარეჯოსა და სიღნაღში-5, ლაგოდეხსა და ყვარელში-4, გურჯაანსა და
თელავში-3, დედოფლისწყაროში-2 ქალი დეპუტატი იქნება.
თუ პარტიულ სიებს გადავხედავთ, ქალები არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ
ძირითადად მეშვიდე, მერვე და უფრო დაბალ პოზიციებზე არიან.
რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, რომლებმაც ოთხპროცენტიანი ბარიერი
გადალახეს, გურჯაანის ოლქის მაგალითზე თუ განვიხილავთ, პირველ
სამეულში ქალი მხოლოდ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა
წარმოდგენილი.
„პატრიოტთა ალიანსს“ პარტიულ სიაში სულ 6 ქალი ჰყავს, რომელთა
აღირცხვაც მეხუთე ნომრით იწყება. გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის
ხელმძღვანელი სოსო ბერიკაშვილი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას
გამორიცხავს და აცხადებს, რომ იმედი ჰქონდათ, მათ პარტიას საკრებულოში
უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხუთი ადამიანი მაინც შევიდოდა საკრებულოში და
მათ შორის, იქნებოდა ქალიც. სხვათა შორის, ყველა ქალბატონი, ვინც
სიაში იყო წარმოდგენილი, პარტიის წევრია.“
„ევროპულ საქართველოს“ სიაში სულ 10 ქალი ჰყავდა. იმისათვის, რომ
რომელიმე მათგანი საკრებულოს წევრი გამხდარიყო, პარტიას მინიმუმ 8
დეპუტატის წარდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. როგორც ჩვენთან
საუბარში გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის უფროსმა გოჩა სიბაშვილმა
განაცხადა, რამდენი ადამიანი შევიდოდა საკრებულოში, წინასწარ
განსაზღვრა შეუძლებელი იყო.
„ყველა პარტია ფაქტობრივად, ცდილობს და იბრძვის, რომ საკრებულოში მეტი
მანდატი მიიღოს. სიის პირველი ნომერი მერობის კანდიდატი უნდა
ყოფილიყო. ის რომ ჩვენთან ათეულში არის სამი ქალბატონი, იმის ნიშანია,
რომ ქალბატონები ახლოს იყვნენ იმ ჯგუფთან, სადაც უნდა
ყოფილიყვნენ.“
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის
ანა არგანაშვილის განცხადებით, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან
დაბალია და წლების განმავლობაში არათუ იზრდება, უფრო მცირდება.
„როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა
ჩართულობა ძალიან დაბალია. ისინი მოსახლეობის 52 პროცენტს
წარმოადგენენ, ამიტომ პოლიტიკაში მათი ჩართულობა 50 პროცენტი მაინც
უნდა იყოს. არჩევნების დროს ქალები ძირითადად კოორდინატორებად
მუშაობენ. ასრულებენ მძიმე სამუშაოს. თუმცა შემდგომ მათი კანდიდატებად
წარდგენა არ ხდება. ხშირად ქმნიან ილუზიებს, რომ ქალბატონები აქტიურად
არიან პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ეს ასე არ არის. მათ არ აქვთ
რეალური ძალა შეცვალონ კულტურა და გადაწყვეტილებები. ასე რომ მოხდეს,
სიაში მათი პროცენტულობა უნდა გაიზარდოს.“
მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ, პირველ რიგში,
კანონმდელობა უნდა იყოს უფრო მგრძნობიარე. უნდა მოხდეს ქალების
გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება და ასევე, ისეთი სოციალური
სერვისების შექმნა, რაც საშუალებას მისცემთ შეითავსონ ოჯახური და
საზოგადოებრივი ვალდებულებები.
„როდესაც ქვეყანაში არ არის საკმარისი საბავშვო ბაღები, დედებს
სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა, ასეთ დროს, რა
თქმა უნდა, ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა პოლიტიკაში აქტიურად
ჩაერთონ.“
უფლებადამცველის თქმით, ის სტერეოტიპი, რომ ქალი პოლიტიკაში არ უნდა
იყოს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები