გია გერგიძის სამწლიანი მმართველობა- მოსახლეობისა და ოპოზიციის შეფასებები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს უფლებამოსილების
ვადა ეწურება, აღნიშნულ პოსტს ის ახლადარჩეულ მერს 12 ნოემბერს
გადააბარებს.
მისი სამწლიანი საქმიანობის შეფასება speqtri.ge-მ ოპოზიციას,
გურჯაანელებსა და თავად გია გერგიძეს სთხოვა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულთა უმრავლეობა მისი
მმართველობის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვანს ვერაფერს იხსენებს.
რას ამბობს ხალხი
ოლია ქართველიშვილი - "არ ვიცი რა გითხრათ, მე გაკეთებულს ვერაფერს
ვხედავ. უკან-უკან მივდივართ, მხოლოდ ამას ვატყობ“
ნოდარ ჯავახიშვილი- "აბა რა გითხრათ რა გაკეთდა, ხალხს ისევ ისე
უჭირს. იმედია, რამე შეიცვლება და ახალი მერი გაიზიარებს ხალხის
ჭირ-ვარამს. ორ წელიწადნახევარი საქართველოში არ ვიყავი, ახლა
ჩამოვედი და გაკეთებული ვერაფერი ვნახე, ერთადერთი რაც შემიძლია
ვთქვა, გზისთვის ცოტა მიუხედავთ.“
გია ჩალათაშვილი- "რა გითხრათ აბა, თქვენ თვითონ მიიხედ-მოიხედეთ რა
გაკეთდა. არც არაფერი“
სიმონ ბეგაშვილი- "გია გერგიძე ჩემი ნათესავის მეგობარია. ხშირად
მქონდა მასთან ურთიერთობა, ყურადღებიანი კაცია. რა გააკეთა, ვერ
გეტყვით, არ ვიცი. ისე კარგი ადამიანია.“
სოსო ზირაქაშვილი- "ხალხს ისევ ისე უჭირს, აბა რა გააკეთა?! ყოველ
შემთხვევაში მე ვერ ვხედავ რომ რამე მოეგვარებინოს.“
ოპოზიციის შეფასებები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და გურჯაანის
მუნიციპალიტეტის ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის თემურ
ბუწაშვილის თქმით, გია გერგიძის მმართველობა იმით არის გამორჩეული,
რომ დაბრუნდა სიტყვა სეკვესტრი ბიუჯეტში, რომელიც 90-იან წლებთან
ერთად წარსულში იყო დარჩენილი.
-„პირველად 2003 წლის შემდეგ, გურჯაანში კორუფციის ბრალდებით დაკაავეს
გამგეობის თანამშრომელი, რომელიც გერგიძესთან დაახლოებული პირი იყო.
რაც დამამახსოვრდა მისი მმართველობიდან, ესაა წარმატებული ბრძოლა
ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და კვრცხების სროლა, „ერთიანი
ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. მისი
შემოქმედების მთავარი მიღწევა იყო ნეპოტიზმი, რომელიც ნორმად იქცა
ქვეყანაში. ჩინოვნიკების მეუღლეების უმრავლესობა იკავებს ბაღის
მენეჯერების, სამსახურის უფროსებისა და დირექტორების პოსტებს. ის სრულ
იგნორირებას უკეთებდა საკრებულოს გადაწყვეტილებას და ერთპიროვნულად
მოქმედებდა. მან ვერ გამოავლინა მენეჯერული თვისებები. რაც მას
ახასიათებდა ეს იყო მონური მორჩილება მმართველი პარტიის მიმართ.
დანამდვილებით ვიცით, რომ მის გათავისუფლებას რამდენჯერმე აპირებდნენ.
ის ბევრად უფრო მდიდარი მიდის ამ თანამდებობიდან, ვიდრე მანამდე იყო.
ხალხი რჩება უფრო ღარიბი, ვიდრე მის მოსვლამდე. მან ვერანაირი
პოზიტიური ცვლილება ვერ მოახდინა მუნიციპალიტეტში, ერთადერთი, რაც
მისი ნამოქმედარიდან პოზიტიურად მახსენდება, ნონეშვილის გამზირზე
გზაგამყოფი ზოლის აღებაა.“
გერგიძის მმართველობის პერიოდში ბევრად უფრო მეტი გაკეთებული საქმე
ახსენდება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ კობა კუპრაშვილს.
-„ბევრი ინფრასტრუქტურული პროეტი განხორციელდა, გზები, წყალი,
ჭაბურღილები, რაც ნამდვილად მისასალმებელია. საგრძნობლად გაუმჯობესდა
წყალმომარაგება. ნეგატიურ მხარეს რაც შეეხება, სოციალური საკითხი ისევ
პრობლემად დარჩა. ყოველთვის ვამბობ, გამგებელს არაფერი შეუძლია, თუ არ
შეიცვალა პოლიტიკური სისტემა. თუ გლობალურად არ გადაიჭრა მთავრი
პრობლემება, მისი მოგვარება ადგილობრივ დონეზე რთულია. ცალკე აღებული
პიროვნება ვერაფერს იზამს, გინდ გერგიძე იყოს, გინდ ხანდამავილი და
გინდ სხვა.”
გია გერგიძის სამწლიან მუშაობას უარყოფითად აფასებს „ევროპული
საქართველოს“ წევრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძველი და ახალი
მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ვალერ ბარნაბიშვილი.
„ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში იმის მიხედვით კეთდებოდა, თუ
რომელ მაჟორიტარ დეპუტატს რა გავლენა ჰქონდა და ვინ მფარველობდა.
იმედია, ახლაც ასე არ იქნება. გამგეობა და საკრებულო გერგიძემ
„ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტების თავსშესაფრად გადააქცია. თუკი
ვინმე მათი მხარდამჭერი იყო და დროშა უფრიალებია, ყველა ა.ა.ი.პ- ებში
დასაქმდა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს, რამდენიმე ინიციატივა
მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი ა.ა.ი.პ-ების ოპტიმიტიმიზაცია და
რეორგანზიაცია, რაც გამგებელმა არ გაითვალისწინა. სამწლიან პერიდოში
სიკეთეც გაკეთდა, მაგრამ გერგიძე მთლად თავის თავზე ნუ აიღებს ამას.
მაგალითად, ჩემს სოფელში (ჩალაუბანში) შიდა სასოფლო გზა მოასფალტდა,
რაც ძალიან კარგია, ამაში მე, როგორც სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს
წვლილი მიმიძღვის. ანალიზი რომ გავაკეთოთ, გერგიძის მოღვაწეობას
არადამაკმაყოფილებლად ვაფასებ.“
რას ამბობს გია გერგიძე
speqtri.ge-მ მუშაობის სამწლიანი პერიოდის შეფასება გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს სთხოვა. ის თავიდან
ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთვის
ვეღარ მოიცალა.
ცნობისთვის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მისი მმართველობის დროს
გურჯაანი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ყველაზე
ხმაურიანი კი მაინც ერთკვირიანი ე.წ. „კვერცხების აქცია“ იყო.
რაც შეეხება, თავად ჟურნალისტებთან ურთიერთობას, speqtri.ge-ს
მაგალითზე რომ განვიხილოთ, გია გერგიძე აქტიურობით ნამდვილად არ
გამოირჩეოდა. ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ მასთან დაკავშირებულ
საკითხზე, პრესასთან გამოჩენას ერიდებოდა და კომენტარს მის ნაცვლად
პრესსამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდა.
მასალის გამოყენების პირობები