წმინდა ღირსი მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე
ურგებაძე) დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს და გარდაიცვალა 1995 წლის 2
ნოემბერს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა
გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი
დააწესა.
მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში, ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება
მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის
წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და
ამავე დროს, შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 ის შეთქმულებმა ჯერ
ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს.
გაბრილემა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949
წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად
არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს
მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური
დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ,
უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც
კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები
დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია,
მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე).
1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ
ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955
წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა
გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას
მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად
აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.
ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.
1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს
საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი
იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში ინიშნება
წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად.
მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის
ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი
წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე
საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის
ხარისხში აიყვანა.
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი
ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული,
მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ
ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია. მამა
გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი
კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის
საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია. მამა
გაბრიელმა საკუთარი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.
მასალის გამოყენების პირობები