საჯარო სამსახურში პრემიის, დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი იცვლება
საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომელიც
საჯარო სამსახურში პრემია-დანამატის გაცემის ახალ წესს განსაზღვრავს.
საკანონმდებლო პაკეტით კონკრეტდება, რომ შრომის ანაზღაურება ნიშნავს
საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობებისთვის/პოზიციებისთვის
განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში შესაბამის სახელფასო, საკლასო დანამატს და ფულად
ჯილდოს.
ცვლილებებით სახელფასო დანამატის შინაარსიც დაკონკრეტდა და სახელფასო
დანამატად მიჩნეულ იქნა - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის
მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების
შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და
მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრული თანხა.
პროექტით, ფულადი ჯილდოს დეფინიციაც განისაზღვრება, რომელიც
გათვალისწინებული იქნება წახალისების საშუალებად. ინიციატივით, ფულად
ჯილდოს შინაარსს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის
მიერ მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და
სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი
სამსახურისთვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის
დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური წახალისების
საშუალება.
ამასთან, კანონპროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნება
მკვიდრდება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური
კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობას, რომლის
ნამრავლით კანონპროექტის შესაბამისი დანართით განსაზღვრულ
კოეფიციენტებზე, კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი
სარგო მიიღება.
პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა ორი კვირა
გახანგძლივდეს.
მასალის გამოყენების პირობები