შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის
სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების
პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი
მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.
„ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო
გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი
თავდადება.
სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი,
ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა
შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ
მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი
თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები.
თქვენ ხართ მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც
საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ
მანევრს ასრულებთ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.
როგორც მფრინავები ამბობთ, ავიაცია მიწიდან იწყება. იმ მძიმე დღეებში,
სასაზღვრო პოლიციის პილოტების მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდნენ ის
ადამიანები, ვინც საფრენი აპარატების საიმედოობასა და მზადყოფნას
უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მათ.
ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია
თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის
უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე“, -
განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური
დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით -
"მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და
განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით
-"განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.
მასალის გამოყენების პირობები