21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ცნობილია. კახეთის
რვავე მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა
გაიმარჯვა.
რაც შეეხება საკრებულოებს, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური
პარტიიდან ყველაზე მეტი, 8 დეპუტატი გურჯაანის, თელავისა და ახმეტის
საკრებულოებს ეყოლება, ლაგოდეხსა და ყვარელში ოპოზიცია 7 წევრითაა
წარმოდგენილი, საგარეჯოსა და სიღნაღში კი - 6.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატით დაკომპლექტდება.
ამათგან 24 - მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიით იქნება
არჩეული.
#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მადონა ჯავახიშვილის
განცხადებით, ოთხპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.
"ამ დროის შედეგებით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა 22-მა
მაჟორიტარობის კანდიდატმა მიიღო მაღალი პროცენტი. სოფელ ჩალაუბანში კი
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ვალერი ბარნაბიშვილი ლიდერობს.
ასევე ხმების უმრავლესობა მიიღო ამავე პარტიის კანდიდატმა სოფელ
მელაანში, ვალერი ირომაშვილმა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს,
„ქართული ოცნების“ გარდა, ჩვენს ოლქში ოთხპროცენტიანი ბარიერი სამმა
პარტიამ გადალახა. ესენია: „ევროპული საქართველო,“ „ნაციონალური
მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ჯამში გურჯაანის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან 31 მმართველი პარტიის
წარმომადგენელი ეყოლება, ხუთი - "ევროპული საქართველოდან" (2
მაჟორიტარი და სამი პროპორციული), ორი - "ნაციონალური მოძრაობიდან" და
ერთიც - "პატრიოტთა ალიანსიდან"".
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის მანდატს 4 პარტიის
31 წარმომადგენელი მიიღებს, მათგან 16 - მაჟორიტარია და 15 -
პროპორციული. წინასწარი მონაცემებით პროპორციული სიით საკრებულოში
ცხრა წევრი "ქართული ოცნებიდან" იქნება წარმოდგენილი, სამი -
„ნაციონალური მოძრაობიდან", ორი - "ევროპული საქართველოდან" და ერთიც
- "პატრიოტთა ალიანსიდან." ჯამში მმართველ გუნდს საკრებულოში ეყოლება
24 წევრი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ერთმა
დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.
ყვარლის საარჩევნო ოლქის პროპორციულ არჩევნებში ბარიერი
„ლეიბორისტულმა პარტიამაც“ გადალახა. შესაბამისად, საკრებულოს 27
დეპუტატი 5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“
ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩენილი 11 კი მმართველ გუნდს
წარმოადგენს. პროპორციული სიის 15 წევრიდან კი ადგილები ასე
გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - ცხრა დეპუტატი, "ნაციონალური
მოძრაობა" - სამი, "ლეიბორისტული პარტია"- ერთი, ასევე თითო დეპუტატის
წარდგენას შეძლებს "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო". სულ
საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს 7 დეპუტატი ეყოლება.
ასევე 5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული ახმეტის
მუნიციპალიტეტის საკრებულოც. ყვარლის მსგავსად, ბარიერის გადალახვა
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ აღნიშნულ ოლქშიც შეძლო. 16 მაჟორიტარიდან
მხოლოდ ერთია დამოუკიდებელი, დარჩენილი 15 კი- „ქართულ ოცნებას“
წარმოადგენს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, წინასწარი მონაცემებით,
მმართველ პარტიას ეყოლება 8 დეპუტატი, "ნაციონალურ მოძრაობას" – სამი,
"ევროპულ საქართველოს" - 2, თითო წევრი ეყოლება "პატრიოტთა ალიანსსა"
და "ლეიბორისტულ პარტიას". ჯამში საკრებულოს 31 დეპუტატიდან მმართველი
გუნდი 23 წევრით იქნება წარმოდგენილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 დეპუტატია. 15 პროპორციული
და 22 მაჟორიტარი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ
ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო, რაც შეეხება პროპორციულ სიას,
საკრებულოში 10 ადგილი მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ", ორ-ორ წევრს
წარადგენს "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა," ხოლო
"პატრიოტთა ალიანსს" ერთი დეპუტატი ეყოლება.
სიღნაღის საკრებულო 4 პარტიისგან დაკომპლექტებული 29 დეპუტატით იქნება
წარმოდგენილი. აქ თოთხმეტივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მმართველმა
პარტიამ მოიგო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, 15 ადგილი
საკრებულოში ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 9 წევრი,
"ნაციონალური მოძრაობა" -4, თითო-თითო წევრი ეყოლება "ევროპულ
საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს". ჯამში ოპოზიციური პარტია
აღნიშნულ საკრებულოში 6 წევრს წარადგენს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაჟორიტარი და 15 პროპორციული
სიით წარდგენილი დეპუტატი ეყოლება. მაჟორიტარ კანდიდატებს შორის
მხოლოდ ორია ოპოზიციური პარტიიდან: „ევროპული საქართველო“ და
„ნაციონალური მოძრაობა“; პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ შეძლებს
წარმომადგენლობით ორგანოში 9 დეპუტატი ჰყავდეს; "ნაციონალურ
მოძრაობას" 4 წევრის წარდგენის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება
"ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს", რომლებმაც ასევე
გადალახეს ბარიერი, თითო წევრი ეყოლებათ. ჯამში მმართველი გუნდი - 27
წევრით, ხოლო ოპოზიცია, 8 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართულ ოცნებას სულ 21
დეპუტატი ეყოლება, 10 პროპორციული სიით და 11 - მაჟორიტარი. 7 ადგილი
კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება. "ნაციონალური მოძრაობას"
ეყოლება ორი პროპორციული და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, "პატრიოტთა
ალიანსს" - ერთი მაჟორიტარი და ერთი პროპორციული სიით წარდგენილი
დეპუტატი, "ევროპულ საქართველოს" კი მხოლოდ პროპორციული სიით
წარგენილი ორი დეპუტატი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველ სხდომას, ცესკო
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში
მოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები