„ეს არის აგონია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მალე დაამთავრებს“ - თემურ ბუწაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, თემურ ბუწაშვილმა მედიის წარმომდგენლებისთვის
პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან განაცხადა, ის და მისი გუნდის წევრები გუშინ თბილისში
გამართულ აქციაზე, კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჯონი
ამისულაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
„გუშინდელ აქციაზე სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა
თბილისის ცენტრში რუსი ოლიგარქისთვის ერთ ლარად მიწის გადაცემის
პროცესს, დააკავეს მშვიდობიანი მანიფესტანტი, რომელიც ჩვენი
პროპორციული სიის მეხუთე ნომერი და სოფელ კაჭრეთში მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატია. ვთვლით, რომ პოლიციამ ის აბსოლიტურად
უსამართლოდ დააკავა. მთავარი მიზეზი იყო იმ ფაქტის ხელშეშლა, რომელსაც
ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით თბილისის საკრებულო ასრულებდა. დღეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი იმართება. გვაქვს იმედი,
მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის აუცილებლად უნდა
დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რასაც ასრულებდა. მიუხედავად დაჭერებისა
და შანტაჟისა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში
გრძელდება, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლიდან გასვლას. თითოეულ ადამიანს
ვეტყვით და ჩავაყენებთ საქმის კურსში იმ უმსგავსობაზე, რომელსაც
ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად
ახორციელებს.“
მისივე თქმით, მათ ოფისს მუდმივად უთვალთვალებენ სპეცსამსახურის
თანამშრომლები.
„გუშინ ჩვენი ოფისის წინ რამდენიმე სპეცსამსახურის მანქანა იდგა და
გვითვალთვალებდა, როდის გავიდოდით აქედან. როდესაც განცხადება
გავაკეთე სოციალურ ქსელში, „ყარაული“ მალევე მოიხსნა. ასე გრძელდება
მუდმივად. საბოლოო ჯამში ეს არის აგონია, რომელსაც ძალიან მალე
დაამთავრებს „ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ვინარჩუნებთ მთავარი
ოპოზიციური ძალის სტატუსს და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ვიმოქმედებთ
კანონის ფარგლებში, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს. პუშკინის სკვერი არის
საერთო სარგებლობის და არ უნდა გახდეს ერთი ადამიანის გარაჟი და
ბოსტანი. “
თემურ ბუწაშვილის თქმით, 14 ოქტომბერს 14 :00 საათზე ამ საკითხთან
დაკავშირებით, რუსთაველის მეტროსთან მრავალათასიანი ყრილობა
გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური
მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აქცია გამართეს.
ისინი ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 433 კვ.მ-სა და პუშკინის
ქუჩაზე, ,,ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 900 კვ.მ.
მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს
აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები