ქალაქ გურჯაანში დასრულდა ტროტუარების მოწყობა კოსტავასა და
გურამიშვილის ქუჩაზე, ასევე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიისა და
გურამიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ეზოების მოასფალტება.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 43
ათასი ლარი დაიხარჯა.
თუმცა, შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა კოსტავას ქუჩის
მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, გადათხრილი გზის გამო, მათ
პრობლემები ექმნებათ. ისინი სანიაღვრე არხების არქონაზეც საუბრობენ და
ამბობენ, რომ წვიმის დროს წყალი სახლებში უვარდებათ.
„მეოთხე საჯარო სკოლასთან ტროტუარი რომ გაკეთდა, კარგია, მაგრამ გზა
სავალალო მდოგომარეობაშია. მტვერი სახლში შემოდის. გარეთაც ისეთი
სიტუაციაა, ბავშვები ქუჩაში ვეღარ გამოგვიყვანია. ეხლა კიდევ რაც
სასწავლო წელი დაიწყო, ბევრი მანქანა მოძრაობს და უარესი ვითარებაა.
გარდა ამისა, ქუჩას არ აქვს სანიაღვრეები, წვიმის დროს წყალი ეზოში
შემოდის, მეზობელს ამის გამო სახლიც დაეტბორა. იქნებ, მოგვაქციოს
ვინმემ ყურადღება და გზა ნორმალურად გააკეთოს.“-გვითხრეს კოსტავას
ქუჩის მცხოვრებლებმა.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილე, დიმიტრი კალატოზიშვილმა აღნიშნა, ტროტუარი მოქალაქეების
მოთხოვნით გაკეთდა, ხოლო რაც შეეხება გზას, ის სამუშაოების დროს არ
დაზიანებულა.
„ეს იყო დიდი ხნის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით გამგეობაში
წერილი-წერილზე შემოდიოდა. ამ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ბარდი და
გაუვალი ადგილი იყო. მოსწავლეებს და პედაგოგებს სიარული ავტომობილების
სავალ ნაწილზე უხდებოდათ. სხვადასხვა ტერიტორიაზე ტროტუარის მოწყობისა
და მოასფალტებისთვის თანხა 43 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყო. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შპს „გზამ“ გაიმარჯვა.“
დიმიტრი კალატოზიშვილის განმარტებით, ტროტუარის მოწყობას სავალი
ნაწილის დაზიანებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„გზა დაზიანდა კომუნიკაციების ავარიული შეკეთების გამო , იგივე წყლის,
გაზის და ა.შ. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლისთვის
იგეგმება. ის შეტანილია რეგიონალური განვითარების ფონდებისთვის
წრსადგენ ნუსხაში, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა.“
მისივე თქმით, მოხდება კოსტავას ქუჩის მოასფალტება ღვინის ქარხნიდან,
სასაფლაოს დასაწყისამდე. ასევე, გაკეთდება სანიაღვრე არხებიც.
მასალის გამოყენების პირობები