ხანძრები საქართველოში და ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგია, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ [ინფოგრაფიკა]
ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire
Watch) ბაზაში 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 შეტყობინება
დაფიქსირდა.
შეტყობინება საქართველოს 10 რეგიონიდან განხორციელდა- იმერეთი,
კახეთი, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა
ქართლიდან.
ატენი, ბორჯომი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, მესტია, წეროვანი, ბახაო,
ახალციხე, პანკისი - ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ხანძარი თითქმის ერთმანეთის მიყოლებით
გაჩნდა.
მხოლოდ 20 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძარი ჩააქრეს. ამ დღეს, ცეცხლი
გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა სურამში, ამბროლაურის
მუნიციპალიტეტსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში.
რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვიან ბორჯომის ხეობაში. ამ დროისთვის,
ხანძარი ლიკვიდირებულია და ცალკეული კერების დამუშავება
მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის
მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე speqtri.ge-სთან იმ
მიზეზებზე საუბრობს, რაც შესაძლოა გახშირებული ხანძრების გამომწვევი
ყოფილიყო.
-„კლიმატის ცვლილების ფონზე ხდება მაღალი, ექსტრემალური ტემპერატურის
დაფიქსირება იმ ადგილებში, სადაც ეს მანამდე დამახასიათებელი არ იყო .
დიდი ხნის გვალვებმა გამოაშრო ტყეები და მდელოები, რაც გახშირებული
ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელსაც
გვქონდა ხანძრები, შარშანწინაც და მანამდეც. თუმცა, ასეთი მასშტაბი,
როგორიც წელს იყო ბორჯომის ტყეში, ჯერ არ ყოფილა. 2012 წელს ისე
ერთდროულად ჩნდებოდა ხანძრები, რომ საათებში ემთხვეოდა ერთმანეთს.
2013 წელს ზუსტად ამჟამად ნახანძრალ ტერიტორიებზე იყო სტიქია, ოღონდ
მაშინ ლოკალიზებას უფრო ახდენდნენ, რადგან დიდი მასშტაბი არ ჰქონდა.
დიდი ხანია, გვალვებია და ამას თან ერთვის ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
მეორე ასპექტი, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გამხდარიყო, ეს არის
ტყეებში ნარჩენის განთავსება. საყოფაცხოვრებო ნარჩენის მხურვალება 70
გრადუსამდე ადის, საკმარისია ოდნავ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს,
რომ ადვილად აალდება. ასევეა პლასტამასის ბოთლებიც. სერიოზული
პრობლემაა ნაკვეთის გაწმენდის დროს ცეცხლის მოკიდება და გადაწვა, რაც
კახეთის ზონისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია. მოსახლეობამ უნდა
იცოდეს, რომ ამან შეიძლება საფრთე შეუქმნას ტყეებს. ხანძრის მიზეზი
შეიძლება იყოს დაუდევრობაც. ლიცენზიანტები, რომლებიც ჭრიან ხეებს და
გამოაქვთ, ხე-ტყის ნარჩენს ადგილზევე ტოვებენ, რაც აგრეთვე
ხანძარსაშიშია. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ
ვიღაცა ბენზინის „კანისტრით“ დაჰქროდა მთელს საქართველოში და ვერავინ
დაინახა ცეცხლს როგორ უკიდებდა.“
ნინო ჩხობაძის ინფორმაციითვე, 2013 წელს მომზადდა ხანძრის
საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, ჩატარდა ტრენინგები და
შესაბამისი სწავლებები, განხორციელდა ეუთოსა და გაეროს
პროექტებიც.
აღნიშნული სტრატეგია ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ, მოქმედი
კანონმდებლობით არც პრევენციული ღონისძებებია მკვეთრად გაწერილი.
„კიდევ ბევრი ქმედებაა დასახვეწი ხანძართან მიმართებით. უნდა
არსებობდეს კარგად დამუშავებული და დანერგილი სისტემა. ამ პროცესში
ჩართული უნდა იყოს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე შინაგან
საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობაც, აღნიშნულ
საქმეში მათაც უნდა იცოდნენ თავისი ფუნქცია და როლი. მნიშვნელოვანია
მოსახლოების მზადყოფნაც, მათ თუ ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ, არ
დაელოდებიან სახანძრო მანქანებს და ტექნიკის ჩამოყვანას, დაიწყებენ
ლოკალიზებასა და მცირე კერების მოსპობას. მოსახლეობა ამისთვის
გაწვრთნილი და სათანადოდ ინფორმირებული უნდა იყოს. სტრატეგიაში,
რომელიც 2013 წელს მომზადდა, გაწერილია, თუ ვინ უნდა მიაწოდოს
მოსახლეობას მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მოქმედი კანონით, ხანძრის
ჩაქრობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი ორგანო მხოლოდ შინაგან
საქმეთა სამინისტროა. მინდა აღვნიშნო, რომ პრევენციული ღონისძებები
დღეს მოქმედი კანონმდებლობით სუსტად არის გაწერილი.“
რა გარემოსაცდაცვითი საფრთხეები შეიძლება შექმნას გახშირებულმა
ხანძრებმა?- „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“
თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც
დამწვარ ფართობს დაითვლიან.
-„ყველა ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მკაფიოდ უნდა აღრიცხონ, უნდა
დადგინდეს ფართობი და ასევე რომელი ჯიშის ხეები დაიწვა, ეს იქნება
პირველი პრევენცია შემდეგი ხანძრისთვის, ნებისმიერი ნახანძრალი ადგილი
ისევ პირველ ზონად და კერად რჩება შემდგომი სტიქიისთვის.“
მიმდინარე წელი გახშირებული ხანძრების თვალსაზრისით, განსაკუთრებული
აღმოჩნდა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანისთვისაც. ამას ადასტურებს ხანძრის
კერების რაოდენობა და დამწვარი ტერიტორიების ფართობი. პორტუგალია,
ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, თურქეთი, სომხეთი, კანადა- ეს იმ
ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტიქიამ რამდენიმე ათასი
ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ივნისში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი
მოჰყვა პორტუგალიაში, სტიქიამ აქ 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა.
საქართველოში ხანძრების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური 2001 წლიდან ითვლის. არსებული მონაცემებით ხანძრის ყველაზე
მეტი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობით 2003 წელი
გამოირჩევა, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი 2016 წელს
დაშავდა.
იხილეთ ინფოგრაფიკა.
მასალის გამოყენების პირობები