„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი შიმშილობის დაწყებას
აპირებს ,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული
კავშირების პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგაძემ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რკინიგზელები უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ
ცისკარიშვილი დასაქმებულები იყვნენ, კახეთში, გურჯაანის
სალიანდაგო სამსახურის დეფექტოსკოპიის სამსახურში. მათ სამსახურის
ადგილი შეუცვალეს და განუცხადეს, რომ კახეთიდან თბილისში უნდა
გადაიყვანონ.
”სამწუხაროდ, „საქართველოს რკინიგზაში“ შრომითი უფლებების კუთხით
ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. სახეზე გვაქვს პროფესიონალი
რკინიგზელების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო კონკრეტულად ინდივიდუალური
შრომითი ხელშრეკრულებების არსებითი პირობის შეცვლა. ეს ადამიანები -
უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი დასაქმებულები არიან
კახეთის, გურჯაანის სალიანდაგო სამსახურის დეფექტოსკოპიის სამსახურში.
მათ ეუბნებიან, რომ კახეთიდან უნდა გადმოვიდნენ თბილისში, ხოლო
თბილისიდან უნდა იმუშაონ მარნეულის მიმართულებით. ეს არის პრაქტიკულად
ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა,
ესაა კაბალური პირობა, რაც ამ ადამიანების სამსახურიდან
გათავისუფლებას იწვევს. იძულებულები არიან რომ სამსახურიდან
წავიდნენ”, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.
მისივე თქმით, დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება არ იძლევა იმის
საშუალებას, რომ გზის ხარჯები დაფარონ.
”სამწუხაროდ, რკინიგზა უარს აცხადებს სოციალურ დიალოგზე, არ აწარმოებს
მოლაპარაკებას პროფკავშირთან და ასევე, დასაქმებულ ადამიანებთან.
ერთადერთი საშუალება რაც რჩება ადამიანებს, იბრძოლონ საკუთარი
უფლებებისთვის, არის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ",-
განაცხადა გიორგაძემ.
უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი კომპანიას ერთ კვირას
აძლევენ, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში
რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობას დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები