გურჯაანში გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი
კორპუსის დემონტაჟის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. ეს
თემა დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს.
როგორც სესიაზე განაცხადეს, შენობა პირობიან აუქციონზე გაიყიდება,
ხოლო იქ მცხოვრებლებს, რომლებსაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ,
ქირით გაიყვანენ. საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“
ნიკა ნიჟარაძემ, საკითხს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ სესიაზე
განხილვამდე საკითხი კარგად უნდა შესწავლილიყო.
„მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდეს,
თუკი შესაბამისი დასკვნა ნამდვილად არსებობს, მაგრამ აუცილებელია ის
ადამიანები, ვინც ამ ბინაში ცხოვრობენ, დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული
ფართით. აუცილებელია შეთანხმება მოხდეს მათთან და დემონტაჟზე მსჯელობა
მერე დავიწყოთ. ბიუროზე ცხარე კამათი მქონდა ამის შესახებ. შემდეგ
სესიაზე შეალამაზეს და თვითონვე თქვეს, რომ მდგმურად გაგვყვას ეს
ადამიანიო, მანამდე ამაზე ნაფიქრიც არ ჰქონდათ. საკითხის გატანასაც არ
დავუჭირე მხარი, მაგრამ მე ვიყავი ერთი და ისინი ბევრი. აქედან
გამომდინარე, ვერ შევძელი ვერანაირი ცვლილების შეტანა.“
კორპუსის ერთ-ერთი ბინადარი ელნაზი ბოჭორიშვილი მდგმურად გაყვანის
წინააღმდეგია.
„დღეს ესეა და ხვალ ისე. ერთ თვეს გადამიხდიან ქირას და მერე მე რით
ვიხადო?! ავადმყოფი ქალი ვარ და არაფერი შემიძლია. შვილები რომ არ
მაწვდიდნენ რამეს, აქამდე შიმშილით მოვკვდებოდი. მე ქირის გადამხდელი
არ ვარ. რომ ვთქვა ერთ ორ წელიწადში რამეს ვიყიდი-მეთქი, არც ამის
საშუალება არ მაქვს. ამდენი აუთვისებელი ბინებია, მაშ არ არის ისეთი
ფართი, რომ იქ გადამიყვანონ. ქირით ყოფნას მირჩევნია, უპატრონოთა
თავშესაფარში ჩამაბარონ. აქამდე იმედიანად ვიყავი, მეგონა აღარ
დაანგრევდნენ. ეხლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. ამდენ უბედურებას სიკვდილი
ჯობს.“
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების
უფროსმა დავით ნიკოლაშვილმა განაცხადა, აუქციონი უახლოეს პერიოდში
გამოცხადდება.
„ჩვენ გამოვაცხადებთ პირობიან აუქციონს, რომ დემონტაჟის მიზნით
განხორციელდეს მისი გაყიდვა. პირობიანი იქნება იმიტომ, რომ მიწა
დარჩება ჩვენს საკუთრებაში. ვინც ამ შენობას იყიდის ბიუჯეტში
შემოიტანს თანხას, ტერიტორიას კი გაათავისუფლებს “
დავით ნიკოლაშვილის განმარტებით, შენობის დაშლის შემდეგ გამგეობა ამ
ადგილას სკვერის გაშენებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბინა
1991 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რა
დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები