საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კახეთის რეგიონში 2017 წელს ,
ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა და შენარჩუნდება მხოლოდ
რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე-„ალექსანდროულსა“ და
„მუჯურეთულზე“, ერთ კილოგრამზე ორი ლარის ოდენობით.
ამასთან, სახელმწიფო აგრძელებს ბრენდის წარმოების სუბსიდიას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე
სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით
რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად
შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსის ივანე ბასილაშვილის
განმარტებით, წელს ყურძნის სუბსიდირების გაუქმების გადაწყვეტილება,
მთავრობამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი
მოთხოვნის გამო მიიღო.
„კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ
ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს. ფასს საბაზრო
ეკონომიკის ფარლგებში ბაზარი განსაზღვრავს. ამიტომ თვითონ ორი
სუბიექტი- ყურძნის მწარმოებელი ფერმერი და ყურძნის მიმღები კომპანია
უნდა შეთანხმდნენ ფასზე, სხვას არავის აქვს უფლება მითითებები
გასცეს.“
მისივე თქმით, წელს კახეთის რეგიონში დაახლოებით 110 ათასი ტონა
ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
„მიუხედევად იმისა, რომ სეტყვამ რამდენჯერმე დააზიანა ვენახები, მაინც
კარგი მოსავლის იმედი გვაქვს. გურჯაანის მუნიცპალიტეტში 40 ათას
ტონაზე მეტს ველოდებით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი ქარხნები
ჩაიბარებენ. ამჟამად მხოლოდ გრუზვინპრომთან გაფორმდა ხელშეკრულება,
რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას დაამზადებენ და როგორ ვიცით, 30 ათას
ტონამდე ყურძენს ჩაიბარებენ. თუ ასე მოხდა, გამოდის, რომ ყურძენზე
შეიძლება წელს კონკურენციაც იყოს.“
ივანე ბასილაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ატმის
რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხება იყო, ყურძნის
ჩაბარებაზე არანაირი პრობლემა არ არის მოსალოდნელი.
„გვაქვს იმ კომპანიების მონაცემთა ბაზა, რომლებიც გასულ წლებში ატმის
რეალიზაციაზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანია ქართული ხილის კომპანია.
მათ წელს საექსპორტოდ სამიათასი ტონა ატამი უნდა მიეღოთ, ხოლო წვენად
ოთხი ათასი ტონის გადამუშავება იგეგმებოდა. თუმცა მოხდა
გაუთვალისწინებელი შემთხვევა, დანადგარის ნაწილი ვერ შემოიტანეს და
ამიტომ ქარხანა ვერ ამუშავდა. ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან
არავინაა დაზღვეული. რაც შეეხება ყურძენს, ქარხნები მზად არის
მისაღებად, ზოგიერთ მათგანში რემონტი მიმდინარეობს.“
მისივე თქმით, როგორც გასულ წლებში, წელსაც იმუშავებს რთვლის
საორგანიზაციო შტაბი, თუმცა სად გაიხსნება, ჯერჯერობით არ არის
ცნობილი. რაც შეეხება რთველს, სექტემბრის 1-2 რიცხვიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები