გურჯაანში დიდების მემორიალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“,
იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით
ახორციელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ აღმასრულებელმა
დირექტორმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, პროექტი გურჯაანში
ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„გასულ წელს ორგანიზაცია „ელკანამ“ გამოაცხადა კონკურსი. საქართველოს
თანხა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა გადასცა.
ადმინისტრირებას მსოფლიო ბანკი უწევს. ეს გრანტები მიმართულია
ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ ავირჩიეთ დიდების მემორიალი, რადგან
მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში კეთდება
კიბეები, შადრევნების გასწვრივ მდებარე ჭები. რაც შეეხება თვითონ
შადრევნებს, ვეძებთ გულშემატკივარს, რომელიც ჩადებს გარკვეულ თანხას,
რომ წყალი ამოვიდეს, ამაში გამგეობაც ყველანაირად გვეხმარება.“
ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, მემორიალზე ასევე გაკეთდება სკამები და
დაიდგმება ტელესკოპი, რომელზეც დაწესდება გადასახადი, თანხა კი
თვითმმართველობის ბიუჯეტში შევა. გარდა ამისა, მოეწყობა ხის ჯიხურები,
სადაც გამოიფინება კახური სუვენირები და პროდუქტები. დაიდგმება
საინფორმაციო ბანერები, სადაც განთავსდება მონაცემები გურჯაანში
არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ კი,
ეს ყველაფერი გამგეობის განკარგულებაში გადავა.
როგორც ლაურა ხარიტონაშვილი გვიყვება, მემორიალზე ხის სამუშაოებს
ვენიდან ჩამოსული მოხალისე ახალგაზრდები შეასრულებენ.
„ჩემი შვილიშვილი ვენაში სწავლობს არქიტექტურულზე და სტაჟირებას
ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპანიაში გადის. როდესაც მან ეს ნახაზები იქ
მიიტანა, აღმოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს
მოხალისის სტატუსით ჩამოვიდნენ და უსასყიდლოდ დაგვეხმარნენ. რვა
ახალგაზრდა სამ აგვისტოს უკვე საქართველოში იქნება და საქმეს
შეუდგება. ეს ყველაფერი პირველ რიგში გურჯაანელებისთვის კეთდება.
იმედი გვაქვს, ისინი გაუფრთხილდებიან და არ დააზიანებენ, რადგან
მემორიალი ჩვენი სავიზიტო ბარათია. “
მისივე თქმით, სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში
განაცხადეს, პროექტზე 18 ათას ლარზე მეტი იხარჯება და ისინი 20
პროცენტიან თანადაფინანსებას ახორციელებენ. რაც შეეხება დარაჯის
დანიშვნისა და დასუფთავების საკითხს, მათივე ინფორმაციით, სამუშაოების
დასრულების შემდეგ გადაწყდება.
მასალის გამოყენების პირობები