გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკში, მოკლე დროში ტექნოპარკის
მშენებლობა დაიწყება.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერმა ეკა ცისკარაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შენობა
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები კი
დაახლოებით 2-3 თვეში დაიწყება.
„დეპუტატი და მისი ბიურო ახალგაზრდული პროექტების კუთხით აქტიურად
მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს განეკუთვნება ტექნოპარკის გახსნა. პროცესები
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო. მიმდინარე პერიოდში
გურჯაანს სტუმრობდა ტექნოპარკის როგორც ქართული, ასევე უცხოური
დელეგაცია. მოხდა რამდენიმე შენობის დათვალიერება და მათი შემოწმება
უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული დეტალი უნდა
შეესაბამებოდეს ევროსტანდარტებს. ის შენობა-ნაგებობები, რომელიც
ნახეს, ფინანსურად იგივე დანახარჯს ითხოვდა, რაც ახლის აშენება.
ამიტომ ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება,
აშენდეს ახალი, ახალგაზრდების საჭიროებებზე სრულად მორგებული
თანამედროვე ნაგებობა. აგვისტოს დასაწყისში უკვე ცნობილი იქნება
ტენდერში გამარჯვებული კომპანია და დაიწყება დაპროექტება. “
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა პარკის
რებილიტაციაზეც.
„ ჯამში ჩვენ მივიღებთ განახლებულ კულტურისა და დასავენების პარკს,
რომელსაც ფუნქციურად ტექნოპარკიც შეემატება. ვფიქრობ,
ახალგაზრდებისთვის, ამ მოკლე პერიოდში, ასეთი მასშტაბური პროექტი
საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის
მომავალი თაობის გააქტიურებას და უფრო მეტ ჩართულობას. ამ ყველაფერს
კი აუცილებლად ექნება მნიშვნელოვანი გაგრძელებები ჩვენი რაიონის
განვითარებისათვის. “
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა გასართობი
ცენტრი, „კარუსელები“, ამფითეატრი, საბაგირო გზა, კაფე-ბარები,
ველოსიპედის ბილიკები, დაირგვება ახალი ნარგავები და მოწესრიგდება
სველი წერტილები.
მასალის გამოყენების პირობები