იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში კონკურსის „ტოპ შვიდი ადგილი,
რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში“, გამარჯვებულები დააჯილდოეს.
კონკურსში, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით
სონღულაშვილის ინიციატივით დაიწყო, მუნიციპალიტეტის 23 საჯარო სკოლის
მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, კონკურსში 65 მოსწავლე
ჩაერთო, რომლებმაც სულ 385 ნამუშევარი წარადგინა. პირველ ეტაპზე 21
კონკურსანტი გადავიდა. საბოლოოდ კი ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა:
გურჯაანის მეორე სააჯრო სკოლის მოსწავლე - ლევან ჯაჯანაშვილი,
კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლე - თეონა გულიაშვილი და ველისციხის
საჯარო სკოლის მოსწავლე - რამაზ ქიზიყურაშვილი.
ლევან ჯაჯანაშვილი შედეგით კმაყოფილია, თუმცა როგორც თვითონ ამბობს,
გამარჯვების იმედი არ ჰქონდა.
„კონკურსის პირობების მიხედვით 7 ფოტო მქონდა გადაღებული. ბევრი
მუშაობა მომიწია. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი თუ გავიმარჯვებდი,
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შრომა დაფასდა. დიდ მადლობას ვუხდი
ბატონ დავით სონღულაშვილს და ორგანიზატორებს. იმედია, ასეთი პროექტები
მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. “-აღნიშნა
მან.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, ასეთი
სახის კონკურსების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
„ ძალიან საინტერესო კონკურსი გამოვიდა. მიზანი იყო მონაწილეებს
აღმოეჩინათ ახალი ტურისტული ობიექტები , რადგან ქვეყნის
განვითარებისთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტურიზმია.
ახალგაზრდების მხრიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა გამოიკვეთა. მსგავსი
პროექტები მომავალშიც განხორციელდება და დარწმუნებული ვარ, მათი
ჩართულობაც კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ
მათგანს.“
ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს,
გამარჯვებულები კი სამახსოვრო საჩუქრებითაც დააჯილდოეს.
მასალის გამოყენების პირობები