გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, სურსათის
ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კახეთში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული
სისტემის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს, სასაკლაოების მფლობელები, ვეტერინარები, ცოცხალი საქონლის
შემგროვებლები და მსხვილი ფერმერები ესწრებოდნენ. გეგმის
ფარგლებში,მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით
იდენტიფიცირება გაგრძელდება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და
დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერებსა და
ვეტერინარ ექიმებს დროის უმოკლეს მონაკვეთში ცხოველის შესახებ
ინფორმაციის მოძიება შეეძლებათ.
FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა,მოწვეულ
სტუმრებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმ საკანონმდებლო რეგულაციის
შესახებ, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა.
რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე, სასაკლაოები აღარ მოემსახურებიან იმ
ფერმერებს, რომელთა ცხოველებიც შესაბამისი საყურე ნიშნებით არ
იქნებიან იდენტიფიცირებულნი.
FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS)
ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის,ალექსანდრე ქაშიაშვილის
განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს
შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.
მომავალში კი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ანტიბიოტიკების კონტროლის
საკითხში.
განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, კახეთის რეგიონში მდებარე
ყველა სასაკლაოს მიეწოდება დეტალური სახელმძღვანელო წესები, თუ რა
შემთხვევებში შეიზღუდება ცხოველთა დაკვლა.
„FAO-ს დახმარებით და სეს-ის მხარდაჭერით, მოსახლეობის ინფორმირების
მიზნით, სასაკლაოებზე გაიკვრება გამაფრთხილებელი ნიშნები, ასევე
ვეტერინარებს გადაეცათ დეტალური სახელმძღვანელო წესები თუ როგორ უნდა
იმოქმედონ პირველი იანვრის შემდეგ. აღნიშნული ღონისძიება
მნიშვნელოვნად შეამცირებს, ზოონოზური - ანუ ცხოველიდან ადამიანზე
გადამდები დაავადებების რისკს და ადვილად მისაგნებს გახდის ეპიდემიის
შესაძლო კერებს“ - განმარტა, სეს-ის სურსათის უვნებლობის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ქურდაძემ;
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, გააძლიერებს ცხოველთა
იდენტიფიკაციის პროცესსაც, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს სურსათის
უვნებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. პროექტი
შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური
მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები