ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) 2013-2016
წლებში საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკის შესახებ კვლევა
ჩაატარა.
ამ კვლევის მიხედვით, ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე
დაყრდნობით წერს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სულ 97
310 ადამიანია დაჯარიმებული და 5 მილიონ 112 ათასი ჯარიმაა
გამოწერილი.
კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით: ქვეითად მოსიარულის და
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების
დარღვევისათის 2013 წელს დაჯარიმდა 37 273 პირი, 2014 წელს - 19 547
პირი, 2015 წელს - 27 978 პირი, ხოლო 2016 წელს - 12 512 პირი.
”2014 წელს წინა წელთან შედარებით, დაჯარიმებულთა რაოდენობის
განახევრება შესაძლებელია დავუკავშიროთ სანქციის გამკაცრებას. თუმცა,
მომდევნო წლებში უცვლელი სანქციის პირობებში, დაჯარიმებულთა არსებული
ტენდენციები, ცალსახად საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევის
არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს”, - ნათქვამია
IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2013-2016 წლებში, საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ საჯარიმო
ქვითრებს შორის, ვიდეოჯარიმების წილი ყოველწლიურად მერყეობს 20-დან 25
%-მდე.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ,
არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, განახორციელა მთელი რიგი
საკანონდმებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საგზაო
უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საგზაო
მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების
შედეგიან აღსრულებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო
მოძრაობის მონაწილეთა ქცევისა და საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას."- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები