სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო
ბაგა-ბაღის გათავისუფლებული მენეჯერის მარიკა ბიღიაშვილის მიმართ
გამოცხადებული სასტიკი საყვედური ბათილად სცნო, გურჯაანის რაიონული
სამმართველო კი მის წინააღმდეგ ძიებას აგრძელებს.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის
სამართლის კოდექის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც
ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან
გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მარიკა ბიღიაშვილს
თანამშრომელთა ხელმოწერების გაყალბებას ედავებიან.
როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი
ლელა თევდორაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, სასტიკი
საყვედური მარიკა ბიღიაშვილს ეთიკური ნორმების დარღვევისთვის მიეცა,
გათავისუფლება კი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი და ბრალეული
შესრულებისთვის მოხდა.
-„მან გათავისუფლების ბრძანება და სასტიკი საყვედური
სასამართლოში გაასაჩივრა. გასულ კვირას უნდა გამართულიყო პროცესი.
სხდომის დაწყებამდე მხარეებმა გავისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, საქმე
მორიგებით დასრულებულიყო, აქ არავინაა გამარჯვებული და დამარცხებული.
ბიღიაშვილი უარს აცხადებს სამსახურში დაბრუნებაზე, ჩვენ კი მას 2500
ლარს გადავუხდით გადავუხდით, საიდანაც დაახლოებით 500 ლარი
საშემოსავლოა. ეს არის ექვსი თვის განაცდური ხელფასი. გამომდინარე
იქიდან, რომ საქმე საკმაოდ რთული და დიდი მოცულობისაა, დასაკითხია 17
მოწმე, სულ მცირე, ერთი წელი მაინც გაგრძელდებოდა. გავითვალისწინეთ
ისიც, რომ სარჩელის ნაწილში, რომელიც სასტიკი საყვედურის მოხსნას
ეხებოდა, ის სასამართლომ გაამართლა. ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა
ექთანმა, სხდომაზე ყველაფერი უარყო. ის მოწმეები, რომლებიც მარიკა
ბიღიაშვილის თანასოფლელები, თანამშრომლები და მეგობრები არიან, რას
იზამენ არ ვიცით. თუკი მას სასამართლო მეორე ნაწილშიც გაამართლებდა,
უფრო მეტი თანხის გადახდა მოგვიწევდა. ვფიქრობთ, რომ ფაქტის მორიგებით
დამთავრება უფრო გონივრულია, ვიდრე პროცესის გაჭიანურება.“
როგორც მარიკა ბიღიაშვილის ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა განაცხადა,
მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებში 300 ლარიან ხელფასზე დაბრუნება
ნაკლებად შედიოდა. რაკი ხელმძღვანელობასა ადა გათავისუფლებულ
თანამშრომელს შორის დაპირისპირება არსებოდა, ამჯობინეს საქმე
გარიგებით
დაემთავრებინათ და კომპენსაცია მიეღოთ.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაგა –
ბაღის მენეჯერი გასული წლის 15 აპრილს გაათავისუფლეს. ბაგა- ბაღის
გათავისუფლებული მენეჯერი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება
წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები