ინტერნეტ თამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, საქართველოშიც
შემოაღწია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ 12
წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა.
ინტერნეტ თამაში პირველად 2013 წელს რუსეთში გამოჩნდა. თამაში
ნებისმიერ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. მომხმარებელს კურატორი
უკავშირდება და სხვადასხვა დავალებებს აძლევს. 30-40 დავალება ხშირ
შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე კი - თვითმკვლელობა.
ინტერნეტთამაშს მსხვერპლი მოჰყვა რუსეთში, პორტუგალიასა და
კენიაში.
Speqtri.ge-ს ერთ-ერთმა მოზარდმა უამბო, როგორ დააინტერესა თამაშმა
მას შემდეგ, რაც ის საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. გოგონამ
დარეგისტრირება შეძლო, თუმცა ის შემდეგ საიტმა დაბლოკა. მან წაიკითხა,
თუ როგორ ემუქრებოდნენ ერთ-ერთ მომხმარებელს შემდეგი სიტყვებით, თუ
ზარზე არ უპასუხებდა.
-„შენს კუბოს დავდგამ სახლში.“
-„შენს სისხლს დავლევ.“
გოგონამ ფაქტის დამადასტურებლად შესაბამისი ე.წ "სქრინები"
(ფოტო-ვერსიები) გვაჩვენა, საიდანაც ჩანს, რომ თამაშის მონაწილე
შეტყობინებას თავისივე სახელითა და გვარით ღებულობს.
ფსიქოლოგი მანანა სონღულაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ
თამაშში უფრო ხშირად სუსტი ფსიქიკის მქონე მოზარდები ერთვებიან.
-„ბავშვების უმრავლესობა მიეჩვია სახლში ჯდომასა და სხვადასხვა
ინტერნეტ თამაშს. მშობელიც კმაყოფილია, როდესაც ხედავს, რომ მისი
შვილი სახლშია, მაგრამ რითი ერთობა, ეს მეორე საკითხია. ამ დროს,
ხდება მოზარდების ზომბირება, უჩნდებათ სადისტური მისწრაფებები.
მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ სურვილების
ასრულება, ამიტომ არარეალურ სამყაროში იკმაყოფილებენ მოთხოვნებს და
ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობენ. ატომური ბომბი რომ გაისროლო, ვერ
გაიგებენ, იმდენად არიან ინტერნეტდამოკიდებულები. აქედან გამომდინარე,
მათი აყოლიება ადვილი ხდება. იციან, რომ ცუდს აკეთებენ, მაგრამ ამას
ყურადღებას აღარ აქცევენ. რა მოჰყვება ამ ყველაფერს, ვეღარ
საზღვრავენ. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ თამაშს, როგორც
ცნობილია, მოზარდები ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მაგალითად,
ისერავენ ხელებს და ამით ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. შეიძლება
ამას მშობლების გასამწარებლადაც აკეთებენ, რადგანაც მათთან დაძაბული
ურთიერთობა აქვთ. ბავშვი განერიდება პრობლემებს ოჯახში და არარეალურ
სამყაროში მიდის. იქ თავს კარგად გრძნობს, რადგან სრული
თავისუფლებაა.“- ამბობს ის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის
სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული
მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას
გულისხმობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს
იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში
გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო ინტერნეტმომხმარებლებს
მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის
ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, მოზარდებში აღნიშნული
თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები